მარიამ ვეკუა
17.09.2025

ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ვიდეოში, იულია ნავალნაია - გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მეუღლე - აცხადებს, რომ მისი ქმარი მოწამლეს. მისივე თქმით, მკვლელობაზე პასუხისმგებელი რუსეთის პრეზიდენტია. კრემლი აღნიშნულს უარყოფს.

ნავალნი, რომელიც წლების განმავლობაში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყველაზე ძლიერი კრიტიკოსი იყო, საიდუმლო ვითარებაში 2024 წელს გარდაიცვალა, როცა 19-წლიან სასჯელს იხდიდა.

დასაფლავებამდე მისი მეუღლე იულია ნავალნაია აცხადებდა, რომ თანამებრძოლებმა შეძლეს ალექსეის ბიოლოგიური ნიმუშების მიღება და უსაფრთხოდ საზღვარგარეთ გადატანა.

„ორ ქვეყანაში არსებულმა ლაბორატორიებმა დაასკვნეს, რომ ალექსეი მოკლეს. კონკრეტულად კი - მოწამლეს," - აღნიშნა იულიამ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

მან მოითხოვა, რომ ლაბორატორიებმა გამოაქვეყნონ თავიანთი დასკვნები. ამასთან, ნავალნაიას არ დაუკონკრეტებია, თუ რა შხამი აღმოაჩინეს.

მისი თქმით, ალექსეი ნავალნის მკვლელობაზე პასუხისმგებელი რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინია.

„ვამტკიცებ, რომ ვლადიმერ პუტინი პასუხისმგებელია ჩემი ქმრის, ალექსეი ნავალნის მკვლელობაზე. შეწყვიტეთ პუტინის დაშოშმინება, მისი დამშვიდება შეუძლებელია. სანამ ჩუმად ხარ, ის არ ჩერდება," - აღნიშნა იულია ნავალნაიამ.

ნავალნაიამ ასევე გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც, მისი თქმით, ნავალნის საკანს ასახავს მას შემდეგ, რაც მისი ცხედარი გაიტანეს., იულიას განცხადებით, ციხის თანამშრომელთა ჩვენებების მიხედვით, ნავალნი იატაკზე კრუნჩხვებში იყო.

პასუხად, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ იულიას „ბრალდებების შესახებ არაფერი იცოდა".

რას ამბობენ ექსპერტები - ვისთან მიდის კვალი?

ნიკოლაი პეტროვი, რუსი ექსპერტი, რომელიც Chatham House / Higher School of Economics-ის მკვლევარი, ამბობს, რომ უმაღლესი ინსტიტუციების გარეშე ასეთი გადაწყვეტილება ვერ მიიღებოდა: „კრემლში ძლიერ შიშს იწვევდა ნავალნი. ეს ნიშნავს, რომ არსებობს ძალიან გრძელი სია პოტენციური მტრებისა, რომელთაც უღირდათ ნავალნის სიკვდილი, ან, სულ მცირე - მისი დესტაბილიზაცია. თუმცა, ნავალნი ისეთი ფიგურა იყო, რომ მის წინააღმდეგ ასეთი რადიკალური შეტევა არ განხორციელდებოდა, ყოველ შემთხვევაში პუტინის თანხმობის გარეშე," - აღნიშნა ექსპერტმა.

ფიონა ჰილი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო ექსპერტი რუსულ საკითხებში, ამბობს, რომ მოწამვლა კრემლის ხელწერაა, თუმცა, ცალსახად რთულია ამაზე პირდაპირ საუბარი: „რუსული სპეცსამსახურების მიერ საწამლავების გამოყენება დღესაც არის საბჭოთა დროინდელი შპიონაჟისა და პოლიტიკური მკვლელობების ტაქტიკის მემკვიდრეობა. ნავალნი ციხეში იმიტომ აღმოჩნდა და იმიტომ მოკლეს, რომ ის მათთვის ნამდვილ პოლიტიკურ კონკურენტს წარმოადგენდა."

ტელეგრამზე საინტერესო კომენტარი გააკეთა მარკ გალეოტიმ, რუსული პოლიტიკისა და უშიშროების ექსპერტმა: „სიმბოლურად ძალიან მნიშვნელოვანია იმ ცინიზმისა და შეგნებული ტყუილის ნაზავი, რომლითაც კრემლი ნავალნის საქმეს უდგებოდა მის სიკვდილამდე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ყოფილიყო კონკრეტული, ერთჯერადი მკვლელობის ოპერაცია. უფრო შესაძლებელია, რომ ნავალნი ისეთ პირობებში მოათავსეს, სადაც ცოცხლად ამ „ბანაკიდან" გამოსვლის შანსი თითქმის არ ჰქონდა."

„მკვლელობა"

ნავალნი ქარიზმატული აქტივისტი იყო, რომელიც ანტიკრემლისტურ პროტესტებში ათასობით ადამიანს აერთიანებდა, რადგან პუტინის უახლოესი გარემოცვის მიერ უკანონოდ შეძენილ ქონებას ამხელდა.

ის უფრო ადრე, 2020 წელს, მოწამლეს, როდესაც სიბირში კამპანიას ატარებდა. ნავალნი სასწრაფო ევაკუაციის რეისით გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე თვე მკურნალობდა. 2021 წლის იანვარში რუსეთში დაბრუნებისთანავე, იგი დააპატიმრეს და ბრალდებების სერიით გაასამართლეს, მათ შორის „ექსტრემიზმისთვის".

პატიმრობის მიუხედავად, ნავალნი პუტინის წინააღმდეგ კამპანიას აგრძელებდა და ხმამაღლა აკრიტიკებდა მის მიერ დაწყებულ ომს უკრაინაში. რუსეთის გარდაცვალების მოწმობის თანახმად, ალექსეი ნავალნი „ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×