
ემანუელ მაკრონი და მისი მეუღლე, ბრიჯიტი, აშშ-ის სასამართლოსთვის ფოტოგრაფიული და სამეცნიერო მტკიცებულებების წარდგენას გეგმავენ, რათა დაამტკიცონ, რომ ბრიჯიტ მაკრონი ქალია.
საფრანგეთის პირველმა ლედიმ სასამართლოში კენდის ოუენსის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღძრა, რაც ეს უკანასკნელი ამტკიცებდა, რომ ბრიჯიტი ტრანსგენდერი ქალია, "კაცად დაიბადა" და წარსულში მას ჟან-მიშელ ტროგნიუ ერქვა.
ოუენსის ადვოკატებმა სარჩელის გაუქმების შუამდგომლობით უპასუხეს. BBC-ის პოდკასტის, "Fame Under Fire“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, მაკრონების ადვოკატმა, ტომ კლერმა, განაცხადა, რომ ბრიჯიტმა ეს ბრალდებები "წარმოუდგენლად შემაშფოთებლად“ მიიჩნია.
მისივე თქმით, "გამოქვეყნდება ექსპერტის ჩვენება, რომელიც სამეცნიერო ხასიათის იქნება. წყვილი მზად არის სრულად დაამტკიცოს, რომ ბრალდებები ყალბია".
"წარმოუდგენლად შემაშფოთებელია იმის გაფიქრება, რომ ამ ტიპის მტკიცებულებების წარდგენა და საკუთარი თავის გამოცდა გიწევს. ეს არის პროცესი, რომლის გავლაც მას საჯაროდ მოუწევს. თუმცა, მზადაა ამის გასაკეთებლად", - ამბობს მაკრონების ადვოკატი.
აგვისტოში ემანუელ მაკრონმა ფრანგულ ჟურნალ "პარიზის მატჩს“ განუმარტა, თუ რატომ გადაწყვიტეს სამართლებრივი ქმედებების დაწყება:
"საქმე ჩემი ღირსების დაცვას ეხება! რადგან ეს სისულელეა. ეს არის ადამიანი, რომელმაც კარგად იცოდა, რომ ჰქონდა ცრუ ინფორმაცია და ამას ზიანის მიყენების მიზნით აკეთებდა".
ქენდის ოუენსი, კონსერვატიული ამერიკული გამოცემა Daily Wire-ის ყოფილი ჟურნალისტია, რომელსაც სოციალურ მედიაში მილიონობით გამომწერი ჰყავს, მან არაერთხელ ისაუბრა ბრიჯიტ მაკრონის ტრანსგენდერობასთან დაკავშირებით.