
არ ვიცი მათი მიზნები, საქართველოსთვის სასიკეთოდ რომ არ მიდიან, ეგ ცხადია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
კალაძეს „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერების ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
„ეს ადამიანები ვერ მალავენ თუნდაც თავიანთ ქმედებებს იმასთან დაკავშირებით, რომ იბრძოდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ქართველებს შეეზღუდოთ უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა ევროპულ ქვეყნებში. არაერთი განცხადება იქნა გაკეთებული, მოწოდებებსაც კი აკეთებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ დროულად მიიღონ გადაწყვეტილება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ და ჩამოგვართვან ეს შესაძლებლობა. მანამდეც გახსოვთ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე როცა იყო საუბარი, კაბინეტებში დარბოდნენ, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. ეს არის ჩვეულებრივი აგენტურული ქსელი, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს ამ ქვეყნის ბედი, ქვეყნის მომავალი. ისინი იკვებებიან გარედან, ჰყავთ თავიანთი პატრონები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ზოგიერთი უცხოელი დიპლომატი პირდაპირ არის ჩართული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში.
„მათმა პატრონებმა ყველაზე უკეთ იციან, რა ხდება ქვეყანაში, როგორი გაუბედურებული და „გაფარჩაკებულია“ ოპოზიცია, თუმცა ამას ოპოზიციასაც ვერ დავარქმევთ, ესენი არიან აგენტურის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, მითითებებს იღებენ, შემთხვევით კი არ დადიან საელჩოებში, ზოგიერთი წარმომადგენელი რამდენიმე დღის წინ რომ გამოიჭირეს. დააკვირდით ასევე დიპლომატებს. პირდაპირ ჩართული არიან პოლიტიკურ პროცესებში უცხოელი დიპლომატები თავიანთი პოლიტიკური განცხადებებით. ეს წარმოუდგენელია. ამას არავითარი კავშირი არ აქვს დიპლომატიასთან“, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ვიზიტს აშშ-ში და კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებას, კახა კალაძის შეფასებით, აღნიშნული ამერიკელი პოლიტიკოსი ფულს იღებს იმაში, რომ „სისულელეები წეროს“.
„აღნიშნული პიროვნება 80 ათასი დოლარის სანაცვლოდ კადრულობს ყველაფერს, წერს ყველანაირ სისულელეს, რომელიც დაფუძნებულია სიცრუეზე და გაჯერებულია ცილისწამებით. 80 ათასი დოლარი აიღო ადამიანმა, რომ ასეთი სისულელეები წეროს“, – განაცხადა კახა კალაძემ.