საგანგაშო არაფერია: ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ეროვნული ვალუტა თავის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც დაახლოებით 2.70-ია
ქეთო გოგოხია
18.09.2025

ლარის კურსის გამყარების ტენდენცია შეიცვალა. ბოლო რამდენიმე დღეა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება დაიწყო, რასაც საბანკო სფეროს სპეციალისტები სავალუტო გადინებას უკავშირებენ. დიდი ალბათობით, ეს კომერციული ბანკების მიერ განხორციელებული  ტრანზაქციებია. აჟიოტაჟი, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ ჩაწყნარდება.

19 სექტემბრის მდგომარეობით, ,,ბლუმბერგის" პლატფორმაზე დოლარი 2,74 ლარამდე ავიდა, როცა წინა კვირის ბოლოს 2.69 ლარი ღირდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეროვნული ვალუტა შეიძლება კიდევ რამდენიმე პუნქტით გაუფასურდეს და დაახლოებით ოქტომბრის ბოლოდან ჩვეულ დიაპაზონს დაუბრუნდება.

პროცესები 15 სექტემბერს დაიწყო, რასაც დიდწილად განაპირობებს წინასაარჩევნო პერიოდი, როცა ფიზიკური, თუ იურიდიული პირები ცდილობენ თავი დაიზღვიონ და ლარში არსებული დეპოზიტრების უცხოურ ვალუტაში გადააქვთ. 

დაახლოებით ანალოგიური ვითარება იყო  წინა არჩევნების დროს, მაგრამ მაშინ, უფრო რთული მდგომარეობის გამო, ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ჩარევა არაერთხელ დასჭირდა. დღეს ასეთი აუცილებლობა არ არის.

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე ფიქრობს, რომ სახეზეა მოკლევადიანი გაუფასურება და ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ტურიზმი ჯერ კიდევ აქტიურია და შემოდინება მზარდი დინამიკით ხასიათდება.

,,ზოგადად, ლარზე  მცურავი კურსის ფაქტორი და ბევრი გარემოება მოქმედებს. ის არ არის ვალუტა, რომელიც  მუდმივად ერთ დიაპაზონშია. კონკრეტულ მომენტში უნდა ვიცოდეთ, რომ საბანკო სექტორის და სახელმწიფოს მხრიდანაც ხდება აღებული ვალდებულ;ებების გასტუმრება. ბუნებრივია სესხი არის უცხოურ ვალუტაში, შესაბამისად, კონვერტაცია კურსზე აისახება. 

ახლა განსაკუთრებული არაფერი ხდება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ეროვნულმა ბანკმა წლის დასაწყისიდან სარეკორდო ოდენობის უცხოური ვალუტა  შეისყიდა, დაახლოებით 1,5 მილიარდი, რაც ისტორიული მაჩვენებელია. სებ-ი ამას ბრმად არ აკეთებს, ამის საჭიროება რეალურად იყო", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ეკონომისტმა.

ლარს მოკლევადიან პერიოდში არანაირი საფრთხე არ ემუქრება. საარჩევნო პერიოდში ეროვნული ვალუტის მიმართ მოთხოვნის ზრდამ შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს და კურსს გამყარებისკენ უბიძგოს.

,,ტურიზმი სექტემბერ-ოქტომბერშიც აქტიურობას ინარჩუნებს და არ მგონია, ლარის სტაბილუირობას რაიმე დაემუქროს, ამის რისკი არ იკვეთება. საგარეო ვაჭრობის როლიც მნიშვნელოვანია, რაც ახლა ხდება, მოკლევადიანი გაუფასურებაა, რასაც ტენდენციური ხასიათი არ აქვს. ვფიქრობ, მაქსიმუმ 2,74-2,75-მდე ავა, ამაზე მეტად აღარ გაუფასურდება. არჩევნების შემდეგ 2,70-იან დიაპაზონს საკმაოდ მალე დაუბრუნდება, რაც მისთვის წონასწორობის ნიშნულად მიიჩნევა. საარჩევნო პერიოდში, პირიქით, ლარზე მოთხოვნა იზრდება და ეს  გამყარებას შეუწყობს ხელს", - განუცახადა გიორგი ცუცქირიძემ "რეზონანსს".

გაგრძელდება თუ არა კურსის რყევა დიდწილად არის დამოკიდებული პოლიტიკურ ვითარებაზეც, რამდენად მალე მოიხსნება არჩევნების გავლენით გამოწვეული დაძაბულობა, რაც ეკონომიკაზეც უარყოფითად მოქმედებს. საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა ფიქრობს, რომ ლარის გაუფასურების შიში უსაფუძვლოა. არჩევნების შემდეგ გამყარების ტრენდი დაბრუნდება.

,,ლარის სტაბილურობის საზაფხულო პერიოდი მიიწურა. უცხოური ვალუტის შემოდინება შემცირებულია და კურსზე ნეგატიურად აისახება. სავალუტო გადინებაც არასასურველ გავლენას ახდენს. არ მესმის, საზღვარგარეთ რატომ რიცხავენ კომერციული ბანკები უცხოურ ვალუტას, სექტორის სტაბილურობისთვის კეთდება თუ უბრალოდ თანხას აკუმულირებენ და უცხოურ ვალუტაში ინახავენ. 

ჩვენი სავალუტო ბაზარი მთლიანად კომერციული ბანკების აქტივობაზეა დამოკიდებული და კურსის ვარდნას ყოველთვის უცხოური ვალუტის დეფიციტი განაპირობებს. ეს დეფიციტი  პრობლემას ქმნის. მნიშვნელოვანია ლარის მასის მოცულობაც, ვიმედოვნებ, რომ კურსი  უფრო სტაბილური გახდება შემოდგომა-ზამთრის განმავლობაში და 2,70-იან ნიშნულს ჩამოსცდება. 

რაც შეეხება არჩევნებს, ოქტომბრის ბოლოდან პროცესი  დასტაბილურდება. არ აქვს მნიშვნელობა, როგორია თანაფარდობა ლარსა და დოლარს შორის, მთავარია, კურსი ხშირად არ იცვლებოდეს, რაც კარგია ბიზნესისთვის და მოსახლეობის კეთილდღეობაზეც დადებითად აისახება",  - აღნიშნა ლია ელიავამ "რეზონანსთან" საუბრისას.

,,თიბისი კაპიტალის" შეფასებით, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ჯამურად, დაახლოებით, 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეიძინა. როგორც ჩანს, სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს სექტემბერშიც განაგრძობს, რაც ლარის მხარდამჭერი ძირითადი ფაქტორების მნიშვნელოვან ცვლილებაზე არ მიუთითებს.

რაც შეეხება გზავნილებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 321.55 მილიონი აშშ დოლარი (868.7 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 10.7%-ით (31 მილიონი აშშ დოლარი) მეტია 2024 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×