
იმ ფონზე, როდესაც თბილისის მერობისათვის 9 კანდიდატი იბრძვის, ქვეყნის მასშტაბით 25 ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებზე მხოლოდ ერთი - „ქართული ოცნების" კანდიდატია წარდგენილი. ამაზე ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალური მონაცემებშია საუბარი. ქვეყანაში თბილისის გარდა სულ 74 ოლქია და ეს ნიშნავს, რომ საარჩევნო ოლქების მესამედში უალტერნატივო არჩევნები ჩატარდება, რადგან იქ არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ დააყენა თავისი კანდიდატი.
ანალიტიკოსები ამას ოპოზიციის როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსების დეფიციტით ხსნიან, ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი მიიჩნევს, რომ ასეთი ვითარება არჩევნების ლეგიტიმაციაზე გავლენას ვერ მოახდენს.
„ვერავინ იტყვის, რომ ამაში მმართველმა პარტიამ შეუშალა ხელი", - განაცხადა მამრაძემ ამ თემაზე „რეზონანსთან" საუბრისას.
თბილისის მერობის კანდიდატები არიან:
„ქართული ოცნება" - კახა კალაძე";
„გახარია საქართველოსთვის"/„ლელო - ძლიერი საქართველო" - ირაკლი კუპრაძე;
„გირჩი" - იაგო ხვიჩია;
„მწვანეთა პარტია" - გიორგი გაჩეჩილაძე;
„საქართველო" - გიორგი ლილუაშვილი;
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - ოთარ ჭითანავა;
„თავისუფალი საქართველო" - კახა კუკავა;
„კონსერვატორები საქართველოსთვის" - ზურაბ მახარაძე;
„მამული, ენა, სარწმუნოება" - თეიმურაზ ბოკევალაძე.
რაც შეეხება რეგიონებს, სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში მერობისდათვის 2-2 ან 3-3 კანდიდატი იბრძოლებს. ამასთან, ძირითად შემთხვევებში მმართველი პარტიის წარმომადგენელს „ლელოსა" და გახარიას პარტიის ერთობლივი კანდიდატები უპირისპირდებიან.
გარდა ამისა, არის 25 ოლქი, სადაც მერის თანამდებობაზე მხოლოდ „ოცნებას" ჰყავს კანდიდატი წარდგენილი, რაც საქართველოსთვის უპრეცედენტო შემთხვევაა.
ესენია: საგარეჯო, გურჯაანი, დედოფლისწყარო, ყვარელი, თიანეთი, გარდაბანი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ონი, ამბროლაური, ცაგერი, მესტია, საჩხერე, ბაღდათი, ვანი, ტყიბული, აბაშა, მარტვილი და ფოთი.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციას არც ფინანსური და არც ადამიანური რესურსი არ ჰქონდა იმისათვის, რომ ამ 25 მუნიციპალიტეტში კანდიდატები წარედგინა.
„საქართველოში, ისტორიული მიზეზების გამო, ოპოზიცია საერთოდ ვერ ჩამოყალიბდა, რაც ძალიან ცუდი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით მმართველი პარტიისთვის. ისინი, ვინც არის, ნამდვილად ანტიეროვნული ძალებია. ისეთ პირობებში, სადაც ნორმალური ოპოზიცია არ არსებობს, გასაკვირი არაა, რომ ანტიეროვნული ძალები ვერ კრებენ ვერც ადამიანურ და ვერც ფინანსურ რესურს, რათა წარადგინონ თავიანთი კანდიდატი. იმ ჯგუფებს, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ, ამდენი არ შეუძლიათ. ამიტომ ეს ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არ არის", - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.
კითხვაზე, ხომ არ აყენებს ეს ეჭვქვეშ არჩევნების ლეგიტიმაციას თუნდაც იმ ოლქებში, სადაც უალტერნატივო არჩევნები ჩატარდება, მამრაძე პასუხობს:
„ნამდვილად არ აყენებს ეჭვქვეშ და გეტყვით რატომ. ეს იმიტომ, რომ ვერც ერთი კეთილსინდისიერი და ობიექტური ადამიანი, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება - დამკვირვებელი, მეცნიერი თუ სხვა ნებისმიერი მოქალაქე - ბრალს ვერ დადებს „ქართულ ოცნებას" იმაში, რომ ამ 13 წლის გან,ავლობაში, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, ვინმეს ხელი შეუშალეს პარტიის შექმნაში, თავისი მედიაორგანიზაციის ამუშავებაში და საერთოდ ყველაფერში, რაც პარტიას სჭირდება.
„ქვეყანაში 300-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა. ეს კიდევ იმაში ჩანს, რომ როგორ ცილისწამებლური ენით ლაპარაკობენ მმართველ პარტიაზე, რას არ აკეთებენ, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მათ თითს არ აკარებენ.
„ამიტომ, ამ ფონზე, რაც არ უნდა თქვან დასავლეთში მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის" ლობისტებმა, არანაირად არაა ლეგიტიმაციის დეფიციტი", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".