
ოპოზიციის ნაწილი 4 ოქტომბრის აქციისთვის აქტიურად ემზადება, გეგმის გარკვეული დეტალები ცნობილია და იმასაც ამბობენ, რომ საქმის ნახევარზე მეტი უკვე გაკეთებულია. ამასთან, ორგანიზატორები პირობას დებენ, რომ დედაქალაქში აქეთ-იქით „სეირნობა" აღარ იქნება. ოპოზიციაში არ საუბრობენ, თუ კონკრეტულად რა იგულისხმება ამაში. ანალიტიკოსები კი არ გამორიცხავენ, რომ შეიძლება ეს ოპოზიციის მხრიდან ძალისმიერი მეთოდების გამოყენებასაც ნიშნავდეს.
თავად ოპოზიციის მხარდამჭერებში ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციების მიმართ ერთგვარი იმედგაცრუება და ნილიჰისტური დამოკიდებულებაა. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებულად მასშტაბური აქციების დროს საპროტესტო მუხტის უბრალოდ განიავება ხდება - ორგანიზატორები დედაქალაქში მსვლელობებს მართავენ, ხალხს სხვადასხვა ლოკაციებზე დაატარებენ და ყველაფერი ამით სრულდება, რაიმე ხელშესახები შედეგის გარეშე.
ოპოზიციის წარმომადგენელთა ბოლოდროინდელ განცხადებებში კი სწორედ ამაზეა მინიშნება - რომ 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე ასე არ იქნება.
ორგანიზატორებისგან უკვე ვიცით ის, რომ 4 ოქტომბრის აქციაზე 200-300 ათას ადამიანს ელოდებიან ღონისძიება სამ ლოკაციაზე გაიმართება და დასახელდება ტექნიკური მთავრობა. ენმ-ში ამბობენ, რომ აქციისთვის მზადება დასასრულისკენ მიდის და მოსამზადებელი სამუშაოების 70% უკვე შესრულებულია.
„4 ოქტომბრის 70% უკვე შემდგარია - ბევრი სიურპრიზი ექნება „ქართულ ოცნებას", მათ შორის შეიძლება თავისი ყოფილი თანაგუნდელებისგან", - ამბობს ენმ-ის წევრი ანა წითლიძე „პალიტრანიუსთან".
„ეს მართლაც იქნება სეირნობის დასასრული"
როგორც ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, „სეირნობის დასასრული" ნიშნავს, რომ აქციის ორგანიზატორები „ძალას იხმარენ სახელმწიფოს წინააღმდეგ".
„ეტყობა სახელმწიფოს განმარტება არ იციან მათ, ვინც ამდენი ხანია რუსთაველსა და მელიქიშვილს შორის გზააბნეულად ზემოთ-ქვემოთ დადიან, რომლებსაც განათლებას კაცი ვერ მოჰკითხავს. იმ შემთხვევაში, როდესაც დაემუქრება საფრთხე ქვეყანას, მის ინსტიტუტებს და მასში მცხოვრებ ხალხს, სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს.
აი, ეს შესაბამისი ზომები იქნება მათი დასასრული.
„ისე, კარგად აღნიშნავენ, რომ ეს მართლაც იქნება მათი სეირნობის დასასრული. მათი გადასახედიდან „სეირნობის დასასრული" ნიშნავს, რომ ძალას იხმარენ სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ სახარებაში ნათქვამია - „ვინც ხმალს აღმართავს, ხმლითვე დაიღუპება", - განაცხადა გვენეტაძემ.
„ვარდების რევოლუციის" სცენარი?
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ვარდების რევოლუციის" სცენარის განმეორება დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში სახიფათოა.
„ვიღაცეებს ელანდებათ, რომ „ვარდების რევოლუციის" სცენარი გაიმეორონ, მაგრამ ავიწყდებათ ის, რომ 2003 წელს სრულიად სხვა საშინაო და საგარეო პოლიტიკური ვითარება იყო. რევოლუციაში მოსკოვი და ვაშინგტონი თანაბარი ძალით მონაწილეობდნენ და არცერთ მათგანს საქართველოში არეულობა არ აწყობდა, დღეს კი ვითარება კატასტროფულად შეცვლილია. თუ 2003 და თუნდაც 2012 წელს ოპოზიციური პოლიტიკური ძალა და ოპოზიციური ამომრჩეველი ფაქტობრივად ერთმანეთს უდრიდა, დღეს ასე არაა და საკმაოდ დიდი ნაწილია ოპოზიციური ელექტორატისა, რომელსაც არც „ოცნება" უნდა და არც ენმ. ოპოზიციურ პარტიებს შორის კი 99% - ესაა ძირითადად ყოფილი ენმ და რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ ეს არა „ნაცმოძრაობის", არამედ საერთო სახალხო გამოსვლებია, ამას ოპოზიციის ელექტორატი არ იღებს.
„შეცვლილია საგარეო ფაქტორებიც, კავკასიაში არსებული ვითარება. შესაძლოა იყოს ფაქტორები, რომელთა გამოც რუსეთისთვის მომგებიანი იქნება, რომ საქართველოში არეული სიტუაცია შეიქმნას და 90-იან წლებში დააბრუნონ. ამ ყველაფრის გათვალისწინება და ისე მოქმედებაა საჭირო.
„დარწმუნებული ვარ, ხალხმრავლობა იქნება, მაგრამ არა 100, 200, ან 300 ათასი, არამედ სადღაც 50 ათასამდე. აქციაში მონაწილე საზოგადოება ვერ იქნება რადიკალური, ვგულისხმობ პროტესტანტებს და არა ლიდერებს. დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ ევროპის ნაცვლად, სრულფასოვანი რუსული გზა არ მივიღოთ და კავკასიურ ბელარუსად არ ვიქცეთ.
„სეირნობის დასასრულში" რას გულისხმობენ, არ ვიცი, პირდაპირ არავინ არაფერს ამბობს, მაგრამ ლიდერების გამოსვლიდან ქვეტექსტად იკითხება, რომ შესაძლოა რაღაც ძალისმიერი მეთოდების გამოყენება მოხდეს", - განაცხადა ძაბირაძემ.