რეზონანსი
18.09.2025

 პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები სამცხე-ჯავახეთში სკოლამდელ, ზოგად და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვივნენ.

კომიტეტის წევრები ადიგენში ახლად რეაბილიტირებულ იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლას ესტუმრნენ, სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ.

პარლამენტის წევრებმა ახალციხის ნომერ მეორე საბავშვო ბაგა-ბაღი და ნომერ პირველი საჯარო სკოლა დაათვალიერეს. სკოლაში მეორე წელია ინტეგრირებულია პროფესიული განათლება და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „Front-end დეველოპმენტი" ხორციელდება.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები ახალციხეში პროფესიულ კოლეჯ „ოპიზარს" ესტუმრნენ, სადაც კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებს გააჩნია ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს. სკოლები, ისე როგორც საბავშვო ბაღები, ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის", - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა.

კომიტეტის წევრებთან ერთად საგანმანათლებლო დაწესებულებებში იმყოფებოდნენ ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×