
4 ოქტომბრის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ოპოზიციის ვიზიტებს განსხვავებული შეფასებები მოჰყვა თავად ოპოზიციაში.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან კარგი ურთიერთობა აქვთ და ვიზიტებში პრობლემას ვერ ხედავს.
"დიახაც, კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ის პოლიტიკა, რომელიც არის სანქცირება, იზოლაცია და არაღიარება, და მეორე, რაც არის მნიშვნელოვანი - ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ხალხის მხარდაჭერასაც ნახავთ 4 ოქტომბერს," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.
პარტია "გირჩის" თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი, იაგო ხვიჩია ოპოზიციის ვიზიტებში პოპულიზმს ხედავს და ამბობს, რომ მათი მიზანია, საზოგადოების წინაშე იმიჯი სერიოზულად წარმოაჩინონ.
"წინასაარჩევნო პოპულიზმს აქვს ადგილი, რათა მაყურებლებს აჩვენონ, რა სერიოზული ხალხია. "ნაციონალურ მოძრაობას", მგონი, თავისი გასჭირვებია, მიშა ჰყავთ გარეთ გამოსაყვანი და ჯერჯერობით, წარმატებით არ მიმდინარეობს ეს პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფული იხარჯება ლობისტებში. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს, როგორც გითხარით, მათ ძირითადი მიზანი წინასაარჩევნოდ მაყურებლისთვის ჩვენებაა, რომ აქტუალურები არიან დასავლეთისთვის. ჩემი აზრით, ეს არის და არა ის, რომ ისინი იქ რევოლუციურ დავალებებს იღებენ და ვინმეს ამხობენ," - აცხადებს იაგო ხვიჩია.