
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს არცერთ ნავსადგურში სანქცირებული გემების შემოსვლის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ყველა ნავსადგურში შესვლა კონტროლდება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის მკაცრი დაცვით.
„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, როგორც ნავსადგურის სახელმწიფო ორგანო, აცხადებს, რომ საქართველოს არცერთ ნავსადგურში სანქცირებული გემების შემოსვლის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
2025 წელს ორჯერ (იანვარსა და ივლისში), რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები შევიდნენ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ბენზინის ტრანზიტული ტვირთით, ხოლო საბოლოო დანიშნულების ქვეყნად სომხეთი იყო მითითებული.
ორივე გემი მოგვიანებით, 2025 წლის 19 სექტემბერს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიაში შეიყვანეს. საქართველოს პორტებში შესვლისა და საქართველოს წყლებიდან გასვლის დროს, ეს გემები სანქციებს არ ექვემდებარებოდნენ.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ყველა ნავსადგურში შესვლა კონტროლდება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის მკაცრი დაცვით. სააგენტო აგრძელებს საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების, დაცულობისა და გარემოს დაცვის სტანდარტების, ასევე გემის შესვლის დროს მოქმედი სანქციების რეჟიმების დაცვის უზრუნველყოფას. საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება, მათ შორის, სანქციების თავიდან არიდების მიზნით მესამე სახელმწიფოების მიერ.
აღსანიშნია, რომ საქართველოს ნავსადგურებში მომავალი ნებისმიერი გემი, სახელმწიფო კომპეტენტურ ორგანოებთან თანხმდება საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მოსვლამდე. აღნიშნული ზომების მიზანია, სანქცირებული გემების მოძრაობის შეზღუდვა საქართველოს ნავსადგურებში", - ნათქვამია განცხადებაში.