
ქვეყნის მთავარი საკონცერტო დარბაზი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში საქართველოს კულტურული ცხოვრების ჰაბს წარმოადგენს, ახალი სიცოცხლისთვის ემზადება. შენობას არ აქვს რესურსი, მაღალი სტანდარტით უმასპინძლოს ღონისძიებებს და არსებული გამოწვევების ფონზე თავისი ისტორიული ფუნქცია შეასრულოს. ამიტომაც "სთარინგ ჯორჯიამ" ფილარმონიის განახლებაზე მუშაობა უკვე დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, გარემონტდება შიდა სივრცე. შენობა უახლესი ტექნიკით, მაღალი ხარისხის ხმისა და განათების სისტემებით აღიჭურვება, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ღონისძიებებს უმასპინძლოს.
ფილარმონიის რეაბილიტაცია_განახლებაზე მუშაობა საპასუხისმგებლო პროექტია "სთარინგ ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისთვის. ამიკო ჯანელიძე სოციალურ ქსელში ძველი ფილარმონიის ძველი და ახალი თანამშრომლების ფოტოს აქვეყნებს და მადლობას უხდის მათ. განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც მრავალი წელია, ფილარმონიაში მუშაობენ და ერთი დიდი ისტორიის ნაწილი არიან.
"ამ ისტორიის ნაწილი ახლა უკვე Starring Georgia გახდა და ამ ძალიან მაგარ ადამიანებთან ერთად აწმყოსა და მომავლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობას ერთად შევუდექით", -წერს "სთარინგ ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
„ფილარმონია დროის კადრები“ - ასე ჰქვია კიდევ ერთ პროექტს, რომელსაც "სტარინგ ჯორჯია" ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით ახორციელებს.
კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად და ისტორიის ახალი თაობებისთვის გადასაცემად, შენობაში შემორჩენილი აუდიო, ვიდეო, ფოტო და დოკუმენტური მასალების აღრიცხვა და გაციფრულება მიმდინარეობს.
ფილარმონიის განახლების პროექტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, კულტურის სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.