რეზონანსი
29.09.2025

"ლელო" ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, საზოგადოებას შევახსენებ, რომ მათ, გახარიას პარტიასთან ერთად, ნახევარი საქართველო ფიზიკურად ვერ დააკომპლექტეს მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატებით. შემდეგ, მათ პარტიას ტოვებენ სხვადასხვა წევრები - "ლელოს" შემთხვევაში, პირველი იყო საბა ბუაძე, რომელიც ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გახლდათ, მას მიჰყვა ათეულობით ადამიანი, ბოლნისის მერობის კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, სუს-ს და ბატონ მდინარაძეს აბრალებდნენ, გამოვიდა ის კაცი და თქვა, რომ არ მინდა, ასოცირებული ვიყო "ლელოსთანო", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, განაცხადა. 

მისი თქმით, "ლელომ" აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომლითაც ამტკიცებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მათი კანდიდატი მოისყიდა, თუმცა, კარგია, რომ პროკურატურა ამ საკითხით დაინტერესდა და "ლელოს" მიერ დადგმულ სპექტაკლს გამოძიება ამხელს. 

მაჭავარიანი აღნიშნავს იმასაც, რომ "ლელომ" და გახარიას პარტიამ ერთად, ნახევარი საქართველოც კი ვერ დააკომპლექტეს კანდიდატებით, ხოლო, პარტიაში არსებულ პრობლემებზე მაშინ უნდა ეფიქრათ, როდესაც ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ მიიღო "ლელოს" დატოვების გადაწყვეტილება.  

"ახლა რაღაც ჩანაწერი გამოაგდეს და მტკიცებით ფორმაში ამბობენ, რომ მოსყიდვის ფაქტი იყო და თურმე, "ლელოში" ისეთი წევრები არიან, რომლებიც ძალიან ადვილად იყიდებიან. ეს შეიძლება დადასტურდეს კიდევაც, ოღონდ, რა თქმა უნდა, ამაში "ქართული ოცნების" ხელი ნამდვილად არ ურევია. კარგია, რომ პროკურატურა დაინტერესდა ამ საკითხით, დაიწყო გამოძიება და რა თქმა უნდა, მხილებული იქნება ეს სპექტაკლიც, რაც "ლელომ" შესთავაზა ჩვენს საზოგადოებას. 

ყველაფერი იმაზე მეტყეველბს, როგორც ბოლნისის მერის კანდიდატურის შემთხვევა იყო, რომ ეს ადამიანები თვითონ ტოვებენ ამ პარტიას, ძალიან დისკრედიტირებულია "ლელო", ისევე როგორც გახარიას პარტია. კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, რომ ამ ორმა პარტიამ ერთად, ფაქტობრივად ნახევარი საქართველო ვერ დააკომპლექტეს კანდიდატებით და რა უკვირთ არ ვიცი. როდესაც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, საბა ბუაძე იყო იმის ავანგარდში, როდესაც პარტიის დატოვება დაიწყეს წევრებმა, მაშინ უნდა ეფიქრათ, თუ რამხელა პრობლემის წინაშე დგას ეს პარტია," - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×