
ისრაელის პარტია „ლიკუდის" კაბინეტის წევრები ქვეყნის პრეზიდენტს მოუწოდებენ, ბენიამინ ნეთანიაჰუ შეიწყალოს. Times of Israel-ის ცნობით, მინისტრებმა და მათმა მოადგილეებმა ხელი მოაწერეს პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგისადმი გაგზავნილ წერილს, რომლის ავტორიც გარემოს დაცვის მინისტრი იდიტ სილმანია.
ისინი პრეზიდენტს სთხოვენ, ბენიამინ ნეთანიაჰუ შეიწყალოს, რომლის სასამართლო პროცესიც იერუსალიმის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. წერილში ნათქვამია, რომ სასამართლო პროცესი „ზიანს აყენებს ხალხის ერთიანობას" და ნეთანიაჰუ „ისრაელის მტრებზე ისტორიულ გამარჯვებას აღწევს".
„ამ ისტორიულმა დღეებმა შექმნა აღდგენისა და ერთიანობის შესანიშნავი შესაძლებლობა. მთელი ერი გთხოვთ, ლომივით აღდგეთ, იმოქმედოთ და ისრაელის ხალხში ნამდვილი ერთიანობა ჩაქსოვოთ", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი 2020 წელს დაიწყო. მას ბრალი კორუფციასთან დაკავშირებულ სამ სხვადასხვა საქმეში - მექრთამეობაში, თაღლითობასა და ნდობის ბოროტად გამოყენებაში წაუყენეს. ნეთანიაჰუ ქვეყნის პირველი მოქმედი პრემიერ-მინისტრია, რომელიც წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს. ისრაელის კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეიწყალოს სასამართლოში გასამართლებული პირები ძალიან იშვიათ შემთხვევებში, სასამართლო პროცესის დასრულებამდე, თუ ეს საზოგადოებრივი სიკეთისთვისაა მიჩნეული. ამასთან, გასულ კვირას ქნესეთში გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰერცოგს პრემიერ-მინისტრის შეწყალებისკენ მოუწოდა.