რეზონანსი
22.10.2025

ჩვენს რეგიონს დაუბრუნდა მშვიდობა და ისღა დაგვრჩენია, მეტი ტვირთბრუნვით დავტვირთოთ, მეტი ენერგიით, ელექტრონული ხაზებით, მეტი კეთილდღეობით, განვითარებით, რაც სამხრეთ კავკასიას კიდევ უფრო გააძლიერებს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სამივე ქვეყანას - საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ პოტენციალი, გაზარდონ კეთილდღეობა საკუთარ ქვეყნებში.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მოწვევისთვის, ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მონაწილეობას მეორედ ვიღებ საერთაშორისო ღონისძიებაში, რომელსაც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ჰქვია. თავისი სახელიდან გამომდინარე, ეს ღონისძიება უკვე გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა სხვადასხვა ქვეყნის ოფიციოზისთვის, კერძო სექტორის წარმომადგენლების, საერთაშორისო ექსპერტებისთვის, რომლებიც ერთმანეთს უზიარებენ ახალ იდეებს. ამ პლატფორმის შედეგად მოხდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროექტის ხორცშესხმა, რაც მხარდაჭერის მექანიზმად გადაიქცა, ბევრმა საერთაშორისო პარტნიორმა დაუჭირა მხარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რეგიონალური და საერთაშორისო სატრანსპორტო-საკომუნიკაციო შესაძლებლობები განვავითაროთ არა მარტო სომხეთის, ისლამური რესპუბლიკის, ირანის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საშუალებით, არამედ მათთან საზღვრების გახსნით. სიხარულით ვადასტურებ, რომ დიდი წარმატება გვაქვს მიღწეული ამ მიმართულებით.

2025 წლის აგვისტოში, აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით, ვაშინგტონში ხელი მოეწერა ჩემსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის მშვიდობის შეთანხმებას, რომელსაც ასევე ხელი მოაწერა დონალდ ტრამპმა. დეკლარაცია კონკრეტულად ეხება რეგიონალურ კომუნიკაციას და ჩვენ ვაცხადებთ, რომ ხაზს ვუსვამთ კომუნიკაციის, ურთიერთობის, დიალოგის მნიშვნელობას ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში, მშვიდობის, კეთილდღეობის, სტაბილურობის უზრუნველყოფას რეგიონალურ ჭრილში, სუვერენიტეტის დაცვით, ტერიტორიული მთლიანობის აღიარებით. ეს ძალისხმევა არის შეუზღუდავი დაკავშირებადობის უზრუნველსაყოფად აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით. ეს არის ორმხრივი ურთიერთობა საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი დაკავშირებადობისთვის“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მუშაობს, რათა აზერბაიჯანთან მშვიდობა ინსტიტუციურ დონეზე გადავიდეს და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები განვითარდეს.

„აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და განახორციელა ეს სულისკვეთება, აზერბაიჯანი უკვე ხსნის შეზღუდვას თავისი ტერიტორიის გავლით ჩვენი მიმართულებით საქონლით ბრუნვაზე. ეს გუშინ განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა. მადლობას ვუხდი მას ამ ნაბიჯისთვის, გადაწყვეტილებისთვის და მივესალმები ამ ინიციატივას. ეს თვეების წინ წარმოუდგენლად მიაჩნდა ყველას. ყაზახეთიდან შემოდიოდა საქონელი საქართველოს გავლით და ამ ტერიტორიების შემოვლით. ეს ბარიერები მოიხსნა ირაკლი კობახიძის და ჯომარ კარიმოვის ძალისხმევით. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ძალისხმევაში მონაწილე ლიდერებს. ვაშინგტონის დეკლარაციის მეოთხე პუნქტში, ვციტირებ - სომხეთის რესპუბლიკა იმუშავებს შეერთებული შტატების მთავრობასთან და ერთობლივად მონიშნულ მესამე მხარესთან, რათა ტრამპის მარშრუტი იქცეს რეალობად მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, უზრუნველყოფილი იქნას სომხეთის ტერიტორიაზე დაკავშირებადობის უნარის ზრდა. ჩვენ ვადასტურებთ, რომ ამ მიმართულებით ძალისხმევას არ დავიშურებთ და ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ ყველაზე სწრაფი გზით. ჩვენ ახლა უკვე ვმუშაობთ შეერთებული შტატების მთავრობასთან, რომ განვახორციელოთ ეს შეთანხმებები, დათქმები. ასევე მახარებს იმის თქმა, რომ პოზიტიური დიალოგი გვაქვს თურქეთსა და ჩვენს რესპუბლიკას შორის, რაც უზრუნველყოფს, რომ ჩვენი საზღვარი გაიხსნება. აქვე მინდა, დავადასტურო, რომ არა მარტო პოლიტიკურად, არამედ ტექნიკურად მზად ვართ, რათა დღეიდან მოხდეს საქონლის ტრანზიტი. გაზვიადების გარეშე ვამბობ, ნამდვილად დღეიდან შეგვიძლია, გავატაროთ ტვირთბრუნვა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გამოყენებით. სახმელეთო და სასაზღვრო ინფრასტრუქტურა მზად არის ამისთვის მარგარას და სხვა პუნქტების გამოყენებით. პოლიტიკურად მზად ვართ, უზრუნველვყოთ ტრანზიტი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკიდან აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიამდე და პირიქით, სომხეთის ტერიტორიის გამოყენებით. ტექნიკურად ჯერ არ ვართ მზად, ინფრასტრუქტურის არქონის გამო, მაგრამ პოლიტიკურად მზად ვართ, სარკინიგზო ტრანზიტი უზრუნველვყოთ ნახჩევანის ავტონომიური რესპუბლიკიდან. დარწმუნებული ვარ, ტექნიკური საკითხები მოგვარდება 2-3 წლის განმავლობაში, უახლოეს პერიოდში და ელექტოენერგიის ქსელიც გაიმართება აზერბაიჯანიდან სომხეთის ტერიტორიებზე, ნახჩევანის გავლით და თურქეთთან დაკავშირებით. ეს საგზაო და ელექტრონული ინფრასტრუქტურა განვითარდება სამმხრივი პროექტის ფარგლებში, რომელიც უკვე დიალოგის საგნად იქცა“, - განაცხადა ფაშინიანმა.

როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიაში დამყარდა მშვიდობა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ასპექტში არის ის, რომ მშვიდობა უკვე დამყარდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვაშინგტონის სამიტის საფუძველზე. ჩვენ ვმუშაობთ, რათა მშვიდობა აზერბაიჯანთან უფრო მეტად ინსტიტუციურ დონეზე გადავიდეს, ეს შეთანხმება ხელშესახები გახდეს, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები განვითარდეს და ეს ინიცირებული იქნა ვაშინგტონში.  ამის პარალელურად, როგორც ვახსენე, ყველას სატრანსპორტო მარშრუტი გაიხსნება, ერთი მეორეს მიყოლებით და ისტორიულ ცვლილებას მოუტანს ჩვენს რეგიონს. საბოლოო ჯამში უკვე დავაფუძნეთ იმ კონდენციის მდგომარეობა, რომელიც მშვიდობას, კეთილდღეობას და განვითარებას მოუტანს სამხრეთ კავკასიას. განვითარება იქნება უცილობელი და მუდმივი ტვირთბრუნვის საფუძველი, ენერგეტიკის გადამცემი ხაზების, კომერციული ტვირთბრუნვის და რკინიგზის მიმოსვლის განმავითარებელი. ჩვენს რეგიონს დაუბრუნდა მშვიდობა და ისღა დაგვრჩენია, რომ მეტი ტვირთბრუნვით დავტვირთოთ, მეტი ენერგიით, მეტი ელექტრონული ხაზებით, მეტი კეთილდღეობით, მეტი განვითარებით, რაც სამხრეთ კავკასიას კიდევ უფრო გააძლიერებს, მშვიდობას კიდევ უფრო გაამყარებს და გაზრდის ტემპს, მოცულობას კეთილდღეობისა, განვითარებისა და ზრდისა ყველა ჩვენთაგანისთვის - სომხეთისთვის, საქართველოსთვის და აზერბაიჯანისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სამივე ქვეყნის ლიდერი ფლობს საკმარის ნებას, გონს და განწყობას, რომ უზრუნველვყოთ ამ მიმართულებით განვითარება, კეთილდღეობა, მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა. რა თქმა უნდა სხვა მეზობლებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, როგორც ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა განავითარონ ურთიერთობები და კაპიტალად აქციონ, რათა რეგიონს ჰქონდეს სტაბილურობა.

„გავეცანი კომენტარებს რეგიონში სატრანსპორტო პროექტებს შორის კონკურენციის შესახებ და მიმაჩნია, რომ ეს კონკურენტული მარშრუტები არ არის, არ ვეთანხმები ამ კომენტარებს. ეს ერთმანეთს ავსებს, ერთი მეორის შემავსებელი მარშრუტებია და სამხრეთ კავკასიის პოტენციალს კიდევ მეტად ვზრდით. ვაშინგტონის დეკლარაციის მეოთხე პუნქტის საფუძველზე, შავი ზღვის რკინიგზა გაიხსნება და გაზრდის სატრანზიტო პოტენციალს არა მარტო სომხეთის, არამედ საქართველოს და აზერბაიჯანის მიმართულებით. სამშვიდობო დიალოგი, რომელიც დამყარდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, არის ის პროექტი, რომელიც სამეზობლო ურთიერთობებს დაალაგებს საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის და სამხრეთ კავკასიას ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ  ამ ქვეყნების ტერიტორიებზე გაიზრდება, განვითარდება ინფრასტრუქტურა. იმასაც ვიტყვი, რომ საკმარისი არ იქნება იმ საერთაშორისო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომელიც უკვე აშკარაა. ჩვენ, საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა განვავითაროთ ურთიერთობები და კაპიტალად ვაქციოთ, რათა ჩვენს რეგიონს მუდამ ჰქონდეს სტაბილურობა“, - განაცხადა ფაშინიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×