რეზონანსი
22.10.2025

ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ კონკრეტულ პირებთან საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო ძალოვანი სტრუქტურების მიერ და დღეს გვაცნობეს, რომ ერთ-ერთი ასეთი საგამოძიებო მოქმედების ჭრილში კონკრეტული თანხა ამოიღეს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, რითაც გამოეხმაურა ცოტა ხნის წინ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ყოფილი თანაგუნდელების მიმართ მსგავსი ტიპის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება ხდება. სათქმელი არის ერთი - არანაირი თანამდებობა, არანაირი სტატუსი მოქმედ თუ წარსულში არსებულ პოლიტიკურ მდგენელში ვერ იქნება ვერავისთვის ინდულგენცია და თუკი ვინმეს ხელი წაუცდა კორუფციისკენ, ბუნებრივია, სახელმწიფო იქნება მკაცრი და კანონის ფარგლებში ყველას პასუხს მოსთხოვს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს კორუფციასთან ბრძოლის ამბიციური გეგმა აქვს.

„ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ მოქმედებს გამჭვირვალე და დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული სისხლის სამართლის კანონმდებლობა. ყველა საქმე, რომელიც წარმოებს სისხლის სამართლის ჭრილში, ბუნებრივია, რომ ის მაღალი მტკიცებულებით დატვირთვით არის გაჯერებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ბრალდებას სჭირდება შესაბამისი მყარი მტკიცებულება“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა.

17 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ღონისძიება სუს-ის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×