რეზონანსი
22.10.2025

დღეს, დაახლოებით 20:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის რამდენიმე მონაწილემ უკანონოდ სცადა გზის გადაკეტვა, – ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, ადმინისტრაციული წესით აქციის 20-მდე მონაწილეა დაკავებული.

„მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მომიტინგეები არაერთხელ გააფრთხილეს, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რადგან მათი რაოდენობა არ იძლეოდა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის კანონიერ უფლებას, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველთა მოწოდება არ გაითვალისწინეს. შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ამასთან, შსს-ს ცნობით, ახალგაზრდა ქალი, რომელიც საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა, პოლიციამ ხულიგნობის მუხლით დააკავა.

„რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოწოდებას, საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა და შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, მათ ღირსებასა და მუნდირს, ასევე საზოგადოებას – ის დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად, უკანონოდ გადაკეტვისგან და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები“, – ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×