
„ადამიანურად ძალიან დასანანია, ის რაც ხდება. რა თქმა უნდა, ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ყველანაირი კომენტარის გაკეთებას მოვერიდები“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სუს-ში გამოკითხვას შეეხებოდა.
როგორც მან აღნიშნა, 2024 წლის 8 თებერვლიდან მთავრობა მუშაობს გამჭვირვალედ.
"მე არ ვიცი, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე. მე ამ თემასთან დაკავშირებით არ მინდა დამატებითი კომენტარი გავაკეთო. რა თქმა უნდა, ძალიან დასანანია ყველაფერი, რაც ხდება, თუმცა რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვებს, ამ შეკითხვების ადრესატი არის შესაბამისი უწყება.
მე არ მინდა არავითარი კომენტარი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით. ადამიანურად ძალიან დასანანია, ის რაც ხდება. რა თქმა უნდა, ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ყველანაირი კომენტარის გაკეთებას მოვერიდები. ასეთი შეკითხვებით მიმართეთ შესაბამის უწყებებს. გიმეორებთ, არ ვაპირებ გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემას, თუ გაინტერესებთ, მიმართეთ შესაბამის უწყებას გამოძიებასთან დაკავშირებით და ყველაფერზე გიპასუხებენ.
რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს და ზოგადად, კორუფციასთან ბრძოლას, მე შემიძლია დაგპირდეთ და პირობა მოგცეთ, რომ შეგიძლიათ დააკვირდეთ საქართველოს მთავრობის, ნებისმიერი სამთავრობო უწყების ნებისმიერ საქმიანობას, ნებისმიერ გადაწყვეტილებას და თუ ამოიკითხავთ ამ საქმიანობაში კორუფციის რაიმე ნიშანს, ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა კითხვას ვუპასუხოთ.
შემიძლია დაგარწმუნოთ ერთ რამეში, ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ და თქვენ... ყოველთვის ასე იყო. მე მინდა, შეგახსენოთ 2023 წლის დეკემბერში, როდესაც ის შემობრუნდა პოლიტიკაში მან ერთ-ერთი მთავარი განაცხადი პარტიის ყრილობაზე გააკეთა სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით და გააკეთა განაცხადი პირდაპირ იმის შესახებ, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნებოდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი...
უნდა გიხაროდეთ ის, რომ 2024 წლის 8 თებერვლიდან მთავრობა მუშაობს გამჭვირვალედ. იცით, რომ კონკრეტული მიმართულებით პრაქტიკები შეიცვალა და შესაბამისად, ბიუჯეტი იღებს მაქსიმალურ სარგებელს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.