
ძალიან მისასალმებელია, რომ ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებს - იქნება ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თვისებრივად შეცვლილი აქვთ კომუნიკაცია საზოგადოებასთან და მედიასთან, - ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა კითხვას ყოფილი მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ინფორმაცია ამ საქმეზე ძალიან სწრაფად ვრცელდება.
„ვხედავთ, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება ინფორმაცია, როგორც ინფორმაციის პროაქტიული მიწოდება ბრიფინგების სახით, ისე, თუკი რაღაც ღია კითხვები რჩება ხოლმე, ამაზე დროული რეაგირება და ინფორმაციის მიწოდება მედიისთვის. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ, ჩვენც ისევე სწრაფად ვართ ინფორმირებულები, როგორც მთლიანად საზოგადოება. ამიტომ, ვაცადოთ ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებს ამ საქმეებთან დაკავშირებით ეტაპობრივად ინფორმაციის მიწოდება და ამავე დროს, სამართლებრივი შეფასებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.