
"პარტიების აკრძალვა მომხდარა სხვა ქვეყანაშიც საქართველო პირველი ქვეყანა არ არის" - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, პარტიების აკრძალვის შემთხვევები გერმანიაში, ესპანეთსა და თურქეთშიც ფიქსირდება.
ლევან იოსელიანმა განმარტა, რომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და თუ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იქნება "სტრასბურგის სასამართლო ამ ყველაფერზე განსხვავებულ მოსაზრებას გამოაქვეყნებს".
"მე არ ვიცი, პირველ რიგში არ ვიცი სარჩელი, მერე არ ვიცი ამ სარჩელში რა საფუძვლები იქნება მოყვანილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, ერთი რამე ვიცი ზუსტად - ადამიანები, რომლებიც ადამიანების უფლებების სისტემურ ფეხქვეშ გათელვაში იღებდნენ მონაწილეობას, როცა არ უნდა ყოფილიყვნენ, ვინც ამ ყველაფერში იყო ჩართული, ვინც ამას ამართლებდა, იმ ადამიანების მე პოლიტიკაში ხილვა არ მინდა.
ჩემი სურვილი როგორი არის, მე არ მინდა, რომ ჩემ მომავალს განსაზღვრავდეს ის ადამიანი, ვინც გუშინ ციხეში ადამიანებს აწამებდა. ძალიან ბევრი არის, ვინც ამას ამართლებდა. არც ის ადამიანები არ უნდა იყვნენ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები, ვინც ასეთ რამეში იქნება მხილებული [ნოემბერ-დეკემბერში აქციების მიმდინარეობისას მოქალაქეებზე თავდასხმებში].
რაც შეეხება კონკრეტულ სარჩელს, სარჩელს როცა ვნახავთ მერე მივიღებ გადაწყვეტილებას, წინასწარ მიჭირს ასეთ რამეზე საუბარი. ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი რამე მომხდარა სხვა ქვეყნებშიც, ეს არ არის პირველი შემთხვევა არ იქნება საქართველო... გერმანიაშიც მომხდარა, ესპანეთშიც მომხდარა, თურქეთშიც მომხდარა, საქართველოშიც მომხდარა - ზვიად გამსახურდიამ თავის დროზე აკრძალა კომუნისტური პარტიის მონაწილეობა.
სასამართლომ უნდა მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება, სასამართლო თუ იქნება დაუსაბუთებელი, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო ამ ყველაფერზე განსხვავებულ მოსაზრებას გამოაქვეყნებს," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.