
ჩვენთვის საინტერესოა, გავიგოთ, თუ რა კუთხით გამკაცრდება აშშ-ში, რამეთუ ბუნებრივია, საინტერესო იქნება ასევე, ქართული კანონმდებლობის დახვეწა, - განაცხადა აშშ-ის სენატში ინიცირებულ, „ფარას“ გამკაცრების კანონპროექტზე საუბრისას საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, გარკვეული პირები აკრიტიკებენ საქართველოში მიღებულ ამერიკული კანონის ანალოგიას და აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები კი იქ მოქმედი კანონის გამკაცრებას ითხოვენ.
„სრული აბსურდის თეატრია! ის, რაც კარგია აშშ-ში, არის კარგი საქართველოში. ის, რაც კარგია დემოკრატიისთვის, ზოგადად, არის ქართული დემოკრატიისთვის სასარგებლო. არადა, ჩვენ ვხედავთ კონკრეტული კონგრესმენები, ევროკავშირის ელჩი და ამით დაინტერესებული სხვა პირები აკრიტიკებენ საქართველოში მიღებულ ამერიკული კანონის ანალოგიას და ზუსტად იგივე პირები, მაგალითად, აშშ-ში საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იქ მოქმედი კანონის გამკაცრებას ითხოვენ. ჩვენთვის საინტერესოა, გავიგოთ, თუ რა კუთხით იქნება გამკაცრება აშშ-ში, რამეთუ ბუნებრივია, ამ კუთხით საინტერესო იქნება ქართული კანონმდებლობის დახვეწა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ინიცირებულია კანონპროექტი S.3050, რომელიც მიზნად ისახავს 1938 წლის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტში“ (FARA) ცვლილებების შეტანას.
როგორც აშშ-ის კონგრესის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ცვლილებები შეეხება ამ აქტით გათვალისწინებული გამონაკლისების მოთხოვნების მოდიფიცირებას.