რეზონანსი
26.10.2025

 ძალიან სამწუხაროა, რომ ფაქტი ფაქტს ემატება ევროკავშირის ელჩთან მიმართებაში, როდესაც ის ყველანაირი ჩარჩოდან არის გასული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პაველ ჰერჩინსკის მიერ ციხეში გაგზავნილ წერილზე საუბრისას.

მისივე თქმით, ჰერჩინსკი სიცრუით ცდილობს იმის ახსნას, რომ თითქოს ეს წერილი დიპლომატიური ფორმა იყო.

„ეს მიმოწერა, როდესაც ახალისებ, გვერდში დგომას აღუთქვამ, ეუბნები, რომ ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რათა გავათავისუფლოთ დანარჩენი პატიმრები ციხეებიდან და ა.შ., არის პირდაპირი წახალისება, რომ ადამიანებმა კიდევ ერთხელ ჩაიდინონ მსგავსი ქმედებები", - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა მზია ამაღლობელისთვის სახაროვას პრემიის გადაცემაზე.

„ჩვენ ვიხილეთ, რომ ქალბატონი მზია ამაღლობელი დააჯილდოვეს. ევროპარლამენტის სპიკერი ქალბატონი მეცოლა გამოდიოდა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ქალბატონი მზია ამაღლობელი სასჯელს იხდის იმის გამო, რომ ის რაღაც ისეთს საუბრობდა, რომელიც „ქართულ ოცნებას" არ სიამოვნებდა. ეს ხომ პირდაპირი ტყუილია", - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი შეეხო საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულების საკითხსაც და განაცხადა, რომ სამწუხაროა, მაგრამ საზოგადოების განწყობა ამ ინსტიტუტის მიმართ შეცვლილა.

„რეზოლუციების მიღება, სადაც გვიწერენ, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი, სასამართლო პროცესებზე ელჩების სიარული, ევროპარლამენტარების დელეგაციების საქართველოში ჩამოსვლა და ანტისამთავრობო მიტინგზე მათი გამოჩენა, მათი საგარეო საქმეთა მინისტრების გამოგზავნა წინასაარჩევნოდ და ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობის მიღება - ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეებისთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი. სწორედ ეს გამოჩნდა რამდენიმე თვის წინ, როდესაც ევროკომისიამ თავად ჩაატარა ევრობარომეტრის კვლევა, სადაც სამწუხაროდ, საგრძნობლად არის შეცვლილი განწყობები ჩვენი საზოგადოების მხრიდან ევროკავშირის, როგორც ინსტიტუტის და გაერთიანების მიმართ", - დასძინა ლევან მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×