რეზონანსი
27.10.2025

გუშინდელ აქციაზე იყო ძალიან ბევრი ჩვენი თანამებრძოლი. დაფიქსირდა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბება ქართველ ხალხს არ უპატიებია ივანიშვილისთვის. ასეთი აქციები პერიოდულად, თვეში ერთხელ თუ რამდენჯერმე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ საქართველოში ის საპროტესტო ტალღა არსად გამქრალა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სანიკიძის თქმით, აქციაზე ბევრი ხალხი მივიდა, გაკეთდა ივანიშვილის წინააღმდეგ განცხადებები და დასავლელმა პარტნიორებმა ნახეს, რომ პროტესტი საქართველოში არ ჩამქრალა.

კითხვაზე, რომ „მმართველი გუნდის განცხადებით, ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად გუშინდელი აქცია ჩავარდა“, სანიკიძემ განაცხადა: „არავითარ შემთხვევაში“.

„ჩავარდნას მე არ ვიცი, ისინი რას ეძახიან. თავისუფალი მოქალაქეები შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე, დააფიქსირეს პოზიცია, რომ ქვეყანაში არალეგიტიმური პარლამენტია, 26 ოქტომბერს, როდესაც ივანიშვილმა მიიტაცა ამ ქვეყანაში ხელისუფლება, სწორედ მაშინ დაიწყო ის ერთწლიანი ციკლი, რომელიც ადამიანებს ლამის სიცოცხლის ხელყოფის ფასად დაუჯდათ რუსთაველის გამზირზე ე.წ. სამართალდამცველების მიერ აღვირახსნილი ადამიანის უფლებათა ხელყოფის შედეგად“, – განაცხადა სანიკიძემ.

ამასთან, ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს გიგა ბოკერიას გუშინდელ განცხადებაზე, რომლის მიხედვით, აქცია იყო მათი ორგანიზებული და სააკაშვილის ბანერი არ უნდა ყოფილიყო. სანიკიძის თქმით, აქციის მისაკუთრებას არავინ უნდა ცდილობდეს.

„ეს არის ძალიან უმადური საქმე. მე არ მგონია, რომ იქ ადამიანები ვინმე კონკრეტული ერთი პიროვნების მოწოდების შედეგად იყვნენ აღმოჩენილი. ეს არის საერთო სახალხო პროცესი, მით უმეტეს, 26 ოქტომბერზე როდესაც ვსაუბრობთ, გიგა ბოკერიას პარტია საერთოდ არჩევნებში მონაწილეობდა. ამიტომ, მისი აქცია ეს ვერ იქნებოდა. სახალხო პროცესია, რომელსაც ვერ ეყოლება სათავეში ვერცერთი კაცი, ვერც ერთი ქალი. ეს არის პროცესი, რომელიც გამარჯვებით დასრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება ჯანსაღი ოპოზიციური ძალების სრული და აბსოლუტური კონსოლიდაცია.

მრავალათასიანი აქცია იყო. არსებობს აქციები, რომელიც შეიძლება, იყოს ათი ათასკაციანი, 15 000-კაციანი, 25 000-კაციანი, სიმწვავისა და პრობლემის აღქმის მიხედვით. არავითარი განსაკუთრებული ძალისხმევა არ იყო ამასთან დაკავშირებით ჩადებული. ეს იყოაქცია, რომელიც სწორედ ქართველი ხალხის ნების გამომხატველი იყო და ძალიან ბევრი ადამიანი,იმის გათვალისწინებით,რომ პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ შესაბამისი ფინანსური რესურსი, აწარმოონ მრავალკვირიანი კამპანია, ამის მიუხედავად, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა, რადგან ეს პროცესი არ ეკუთვნის მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს. ეს არის პირველ რიგში საზოგადოებრივი პროცესი, რომელსაც უბრალოდ მომსახურება უნდა გაუწიოს რიგმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×