
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებას, რაც სატვირთო ავტომანქანაზე მიმაგრებულ სახანძრო ყუთში არსებულ ცეცხლმაქრში მოათავსა.
25 ოქტომბერს, ბრალდებულმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები აზერბაიჯანის სახელმწიფოში ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მიზნით, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტის“ გავლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.
სამართალდამცველებმა ბათუმის პორტის ტერიტორიაზე ჩატარებული სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: 912.08 გრ. „კოკაინის (ფუძე)“, 1570,09 გრ. „მდმა“, ლიზერგიდი (ლსდ), 4-ცმც-ს (კლეფედრონი), და 779.23 გრ. ფსიქოტროპულ ნივთიერება „კეტამინი“.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა) 261-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა) და 263-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა) წარედგინა რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.