მარიამ ვეკუა
01.12.2025

სტატიაში, რომელიც ბი-ბი-სიმ 1 დეკემბერს გამოაქვეყნა, აღნიშნულია რომ 2024 წელს მომიტინგეების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა, პოლიტიკური განხილვის ეპიცენტრშია. მმართველ გუნდში გავრცელებულ სტატიას „ზღვარსგადასულ სისულელეს" უწოდებენ, და გამოცემასთან საერთაშორისო სამართლებრივ დავას იწყებენ, მაშინ, როცა ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მედიის მოპოვებული ფაქტები ქვეყნის რეალურ მდგომარეობას აშიშვლებს.

გამოცემის ცნობით, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა".

ბი-ბი-სიში აცხადებენ, რომ ესაუბრნენ საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს, ასევე ქიმიური იარაღის ექსპერტებს. ტოქსოლოგიისა და ქიმიური იარაღის საკითხებში ექსპერტმა, პროფესორმა ჰოლსტეიჯმა და მისმა კოლეგამ, დოქტორმა სანდრა ნიქსონმა გამოთქვეს თავიანთი ჰიპოტეზა. მათი თეორიის მიხედვით, „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი" უწოდეს".

„კამიტი" საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების შესახებ მცირე დოკუმენტაცია არსებობს, მაგრამ ითვლება, რომ მას 1930-იან წლებიდან აღარ გამოიყენებენ, ხანგრძლივი ეფექტის შესახებ არსებული შეშფოთების გამო. ის ჩაანაცვლეს CS გაზით - რომელსაც ხშირად „ცრემლსადენ გაზს" უწოდებენ".

გამოცემის მტკიცებით, მათ მოახერხეს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის ინვენტარის ნუსხის ასლის მოპოვება, რომელიც 2019 წლის დეკემბრით თარიღდება.

„აღმოვაჩინეთ, რომ ის შეიცავდა ორ უსახელო ქიმიურ ნივთიერებას. ისინი უბრალოდ სიაში ეწერა, როგორც „ქიმიური სითხე UN1710" და „ქიმიური ფხვნილი UN3439", შერევის ინსტრუქციებთან ერთად. გვინდოდა გადაგვემოწმებინა, იყო თუ არა ეს სია ავთენტური, ამიტომ ის ვაჩვენეთ სპეცრაზმის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელმაც დაადასტურა, რომ ნამდვილი ჩანდა. მისი თქმით, ორი ქიმიური ნივთიერება, რომელიც დასახელებული არ არის, სავარაუდოდ ის ქიმიური ნივთიერებები იყო, რომლებიც წყლის ჭავლში ჩაამატეს", - წერს ბი-ბი-სი.

„დასკვნები შემაშფოთებელია", - განაცხადა გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა წამების საკითხებში, ალის ედვარდსმა.

„ამაზე თავიდანვე ვსაუბრობდით"

სოციალურ ქსელში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე აღნიშნავს, რომ ამის თაობაზე არაერთი საჯარო განცხადება გაკეთდა, ასევე შესაბამის უწყებებს მისწერეს, თუმცა, ქიმიური ნივთიერების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროვებდნენ.

„ქიმიური ნივთიერების წყლის ჭავლში შერევასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ უკანონო გამოყენებაზე უფლებადაცვითი ორგანიზაციები, მათ შორის საია თავიდანვე საუბრობდა"-წერს ქურდოვანიძე

"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი სიორიძე ამბობს, რომ ეს არის უმძიმესი ფაქტი და დანაშაული ისტორიის წინაშე.

"მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული მედიასაშუალების ბი-ბი-სის გამოძიება ცხადყოფს, რომ საპროტესტო აქციების დარბევისას გამოყენებულია ისეთი ქიმიური შემადგენლობის ნივთიერება, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა და გასული საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ აკრძალულია. ასეთი რამ საქართველოში ბოლოს 1989 წლის 9 აპრილს მოხდა, როცა აქციის დაშლის დროს აკრძალული ქიმიური შემადგენლობა გამოიყენეს. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის მკვლელი რეჟიმი, რომელიც საკუთარ ხალხს არ ინდობს. ეს არის უმძიმესი ფაქტი და დანაშაული ისტორიის წინაშე", - აცხადებს სიორიძე.

„ადეკვატური პასუხი გაეცემა"

„ქართული ოცნება" ბი-ბი-სის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. პარტიის განცხადებით, ბი-ბი-სიმ საქართველოს ხელისუფლების მიმართ მძიმე ბრალდებები გაავრცელა, რომელიც დაინტერესებული პირების მონათხრობზეა აგებული და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ცხადია, „დიპ სტეიტის" პროპაგანდისტულ იარაღად ქცეულ ე.წ. მედიას მძიმე ბრალდების დასამტკიცებლად არანაირი ფაქტი არ აქვს წარმოდგენილი. უფრო მეტიც, ყველა ვარაუდი აგებული აქვს კონკრეტული პირების მოსაზრებებზე, მათ შორისაა, ექიმი ჩახუნაშვილი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა, ხოლო მისი ოჯახის წევრი, მამა, გიორგი ჩახუნაშვილი პირადად მონაწილეობდა 4 ოქტომბრის „ხელისუფლების დამხობის" პროცესში და ფიზიკურად შეიჭრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში.

გარდა ამისა, სტატიაში ძირითადად საუბრობენ დაინტერესებული პირები, გიგაური, ბრალდებული ხასაია, ბრალდებული შაიშმელაშვილი, მსჯავრდებული ბაჩიაშვილი და სხვა მსგავსი პირები. „ქართული ოცნების" კომუნიკაციების სამსახურს სტატიის გამოქვეყნებამდე აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა „გამომძიებელ ჟურნალისტთან". აბსოლუტურად ყველა შეკითხვაზე, რომელიც ბი-ბი-სიმ მოგვაწოდა, მოვამზადეთ სრულყოფილი პასუხები და პუნქტობრივად, დეტალურად დავაკმაყოფილეთ ბრიტანული მედიის ინტერესი"-ვკითხულობთ პარტიის განცხადებაში.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ზღვარს გადასული სისულელე, რომელსაც არ გააჩნია ლოგიკური და ადამიანური ახსნა.

„ეს არის ზღვარს გადასული სისულელე, რომელსაც არ გააჩნია ლოგიკური და ადამიანური ახსნა, გარდა ერთისა - გებელსისეული მეთოდებით ისეთი ტყუილი დააბრალონ საზოგადოებას ან ადამიანთა ჯგუფს, რომ შემდგომ საკუთარი ნეგატიური ინტერესის განხორციელება გაუადვილდეთ. სხვათა შორის, ეს ის ტელეკომპანიაა, რომლის ხელმძღვანელიც გადადგა იმიტომ, რომ ტრამპის მიმართ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა."

მათიკაშვილმა დასძინა, რომ „მთავარი ის არის ვინ მიაწოდა მათ ეს ინფორმაცია, ... რა თქმა უნდა, ამას თავისი ადეკვატური პასუხი გაეცემა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×