
სუს-მა როგორც კი დაიწყო გამოძიება, იმთავითვე განაცხადა, რომ წავიდოდა ორი მიმართულებით: ერთი იყო სავარაუდო გამოყენება, ხოლო მეორე, ხომ არავინ გაავრცელა დეზინფორმაცია საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად და უცხო ორგანიზაციისთვის ხელის შეწყობის მიზნით ხომ არ გადადგა რამე ნაბიჯები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ნათლად ითქვა, რომ „კამიტი" საქართველოს ტერიტორიაზე არასდროს ყოფილა, შესაბამისად, გამოყენებულიც ვერ იქნებოდა.
„პირველი ნაწილი დახურულია. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ეს უკვალოდ არ ჩაივლის, რადგან ამ დეზინფორმაციის მთავარი მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, ახალი პროვოკაციების აგორება, მღელვარების გამოწვევა ჩვენს მოსახლეობაში, თითქოს ხელისუფლება არ უფრთხილდება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა. როგორც კი სამართლებრივ ჭრილში გადაინაცვლა ამ ყველაფერმა, ის მთავარი მოწმეები, რომლებიც „ბიბისის" ჰყავდა დასახელებული, ასავსავებენ ხელებს და ამბობენ, რომ მათ ეს არ უთქვამთ. ნებისმიერ ხრიკს მიმართავენ, რომ ამას გაერიდონ. თუ გამოძიება მოიპოვებს უტყუარ მტკიცებულებებს, რომ ეს შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი იყო, მოუწევთ საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა. სხვადასხვა ტერმინს ვიყენებთ - „დიფ სთეითსაც", „გლობალური ომის პარტიასაც". რა თქმა უნდა, ვიცით, ვინ დგას ამის უკან, მაგრამ თვითონ პრემიერ-მინისტრიც საუბრობს, რომ მათი პირდაპირ დასახელება გარკვეულ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს და ამას თავს ვარიდებთ. ეს ძალები პირდაპირ დგანან ამ საქმიანობის უკან. მიზანი მხოლოდ ერთია, ეს არის თავისი ქვეყნის ინტერესების დამცველი ხელისუფლება ჩაანაცვლონ აგენტურით, რომელიც აბსოლუტურ მორჩილებაში ეყოლებათ", - განაცხადა შარმანაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ე.წ. კამიტი შსს-ს არასდროს შეუძენია და 2024 წლის 4-5 დეკემბრის აქციაზე გამოყენებული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას.