რეზონანსი
08.12.2025

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტის დროს ის პეკინს ტარიფების დაწესებით დაემუქრა. ამის შესახებ მაკრონმა ფრანგულ გაზეთთან, Les Echos-სთან ინტერვიუში განაცხადა.

გამოცემის ცნობით, მაკრონი ჩინეთს ტარიფებს იმ შემთხვევაში დაუწესებს, თუ პეკინი ქვეყნის ევროკავშირთან სავაჭრო დეფიციტის შესამცირებლად საჭირო ზომებს არ მიიღებს.

მათივე ინფორმაციით, მაკრონმა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს ჩინეთის ხელისუფლებას მოუწოდა, გაეძლიერებინა თანამშრომლობა „არამდგრად“ გლობალურ სავაჭრო დისბალანსზე, გეოპოლიტიკასა და გარემოზე.

„მე ვუთხარი მათ, რომ თუ ისინი რეაგირებას არ მოახდენენ, ჩვენ, ევროპელები, იძულებულნი ვიქნებით, უახლოეს თვეებში მკაცრი ზომები მივიღოთ, შეერთებული შტატების მაგალითის მიბაძვით, როგორიცაა ჩინურ საქონელზე ტარიფების დაწესება“, – თქვა მაკრონმა Les Echos-თან ინტერვიუში.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ის ჩინეთის მიმართ უფრო შემრიგებლურ პოლიტიკას უჭერს მხარს, როგორიცაა ევროპიდან ნახევარგამტარული აღჭურვილობის ექსპორტსა და ჩინეთიდან იშვიათი მინერალების ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნა. მაკრონმა ასევე მოუწოდა ჩინურ კომპანიებს, ინვესტიციები ჩადონ ევროპაში და „შექმნან ღირებულება და შესაძლებლობები ევროპისთვის“. როგორც „როიტერი“ წერს, ევროკავშირის საქონლით ვაჭრობის დეფიციტი ჩინეთთან 2019 წლიდან თითქმის 60 პროცენტით გაიზარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×