
Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საფრანგეთი ეწინააღმდეგება 18 მილიარდი ევროს ოდენობის გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას უკრაინისთვის „სარეპარაციო კრედიტის“ სახით, რომლებიც საფრანგეთის ბანკების ანგარიშებზე ინახება.
როგორც გამოცემას წყაროებმა განუმარტეს, ევროპაში რუსეთის ცენტრალური ბანკის 200 მილიარდ ევროზე მეტი გაყინული აქტივებიდან, 185 მილიარდი ბელგიაში, დეპოზიტარ Euroclear-ის ანგარიშებზე ინახება, ხოლო დამატებით 18 მილიარდი კერძო ფრანგულ ბანკებში, კიდევ 7 მილიარდი კერძო ბელგიურ ბანკებში.
საფრანგეთი არ ამხელს იმ ბანკების სახელებს, სადაც ეს აქტივები ინახება, რაც სხვა ევროპულ ქვეყნებში „გაღიზიანებას“ იწვევს. გამოცემის სამი წყაროს თქმით, 18 მილიარდი ევროს ძირითადი ნაწილი ქვეყნის უმსხვილეს ბანკში, BNP Paribas-შია განთავსებული. თავად ბანკში კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.
FT აღნიშნავს, რომ ეს აქტივები „ყურადღების ცენტრში“ მოექცა ევროკომისიის გეგმების გამო, რომლის მიხედვითაც უკრაინისთვის გაიცემა „სარეპარაციო კრედიტი“, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებით. ევროკომისიის უახლესი წინადადება არა მხოლოდ Euroclear-ში არსებული 185 მილიარდი ევროს, არამედ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში გაყინული აქტივების გამოყენებას გულისხმობს.
დაახლოებით 260 მილიარდი ევროს ოდენობის რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები დასავლეთის ქვეყნებში 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაიყინა. ევროპული ქვეყნები უკრაინის დასახმარებლად მათ გამოყენებაზე უკვე თითქმის ოთხი წელია მსჯელობენ.
სარეპარაციო კრედიტის“ იდეის მიხედვით, ევროპა უკრაინას 140 მილიარდ ევროს გადასცემს, რუსეთის გაყინული აქტივების გარანტიით, რომელსაც უკრაინა დაფარავს ომის დასრულების შემდეგ, როდესაც რუსეთი ზარალის ანაზღაურებაზე დათანხმდება. ამ გეგმას ეწინააღმდეგება ბელგია, რადგან შიშობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების შემთხვევაში, ბრიუსელს მოსკოვთან ანგარიშსწორება მარტოს მოუწევს.