რეზონანსი
08.12.2025

2025 წელს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აქტიურად აგრძელებს მასშტაბურ სამუშაოებს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციის მიზნით. კომპანია ერთდროულად ატარებს მაგისტრალური მილსადენების პრევენციულ მონიტორინგს, ახორციელებს სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ოპტიმიზაციას უწევს ქსელში წნევის მართვას. აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავს მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებასა და ავარიული შემთხვევების შემცირებას, – ინფორმაციას ამის შესახებ, კომპანია “ჯივიპი” ავრცელებს.

წყალმომარაგების სისტემა მოიცავს როგორც ქალაქის არსებულ ქსელებს, ისე მაგისტრალურ მილსადენებს, რომლებიც სასმელი წყლის მომხმარებლამდე ტრანსპორტირებას ჟინვალის წყალსაცავიდან და ხრამის სათავე ნაგებობიდან უზრუნველყოფენ. მათი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომპანიამ 2025 წელს კიდევ უფრო გააძლიერა პრევენციული მონიტორინგის ღონისძიებები – გარე რისკების შეფასებისა და მაგისტრალების ცალკეული მონაკვეთების მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით.

დასრულდა 400 კმ სიგრძის მაგისტრალური მილსადენების მდგომარეობისა და რისკების შეფასების კვლევა, ასევე დამონტაჟდა 30 ჰიდროფონი, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაძლო დაზიანების ან რისკის შესახებ წინასწარი შეტყობინების მიღებას.

2025 წლის განმავლობაში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა უკვე დაასრულა 135 სარეაბილიტაციო თუ ინფრასტრუქტურული პროექტი, 105 პროექტი კი შესრულების ეტაპზეა.

დასრულებული პროექტებიდან აღსანიშნავია:

    ჭავჭავაძის გამზირის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპი;

    რუსთავი, ხრამის მაგისტრალის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპი;

    აწყურის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია;

    ალექსიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია;

    ევდოშვილის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია;

    რუსთავი, ჭყონდიდელის დასახლების წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია;

    მცხეთა, აღმაშენებლის ქუჩის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია;

    სამგორის სათავე ნაგებობის სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია;

    ზემო პლატოს სატუმბე სადგურისა და სამგორის გამწმენდი ნაგებობის ტუმბო-აგრეგატების რეაბილიტაცია;

    ღრმაღელის გამწმენდი ნაგებობის სალექრების რეაბილიტაცია;

    სამგორის პირველი აწევის სატუმბე სადგურის ელექტრომომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;

    რუსთავის მეორე აწევის სატუმბო სადგურის რეაბილიტაცია;

მიმდინარე პროექტებია:

    სამგორის სათავე ნაგებობის პირველი, მეორე და მესამე რიგის ფილტრების რეაბილიტაცია;

    ბახტრიონის სატუმბე სადგურის რებილიტაცია;

    საიათნოვასა და ისპაჰანლის ქუჩების წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია;

    ინოვაციების ქუჩის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია;

    დიღმის საცდელი მეურნეობის წყალარინების ქსელების განაშენიანების პროექტი;

    რუსთავი, ფალიაშვილის ქუჩის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია;

2025 წლის ერთ-ერთ განსაკუთრებულ პროექტს წარმოადგენს წყალმომარაგების სისტემაში წნევის რეგულირების პროგრამა. მისი ფარგლებში ქსელზე დამონტაჟდა 15 წნევის რეგულატორი და 33 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული. განხორციელდა 171 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელში წნევის ოპტიმიზაცია, რაც საერთო ჯამში 65,758 აბონენტის მომსახურების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. წნევის რეგულირების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ქსელის დაზიანებებისა და წყლის დანაკარგების რაოდენობა, გაუმჯობესდა საოპერაციო და ქსელის სტაბილური ფუნქციონირების მაჩვენებლები. პროექტი უკვე განხორციელდა ისანი–სამგორის არეალში, ხოლო ნაძალადევში სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. შემდეგ ეტაპებზე დაგეგმილია სამუშაოების შესრულება გლდანი–ნაძალადევისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებში.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიერ, მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილი პროექტები, მიზნად ისახავს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობისთვის წყალმომარაგების სერვისის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას, წყალმომარაგების ქსელზე დაზიანებების რაოდენობის, წყალმომარაგების შეზღუდვის არეალებისა და ხანგრძლივობის შემცირებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×