მარიამ ვეკუა
09.12.2025

დაფინანსების მოდელების გაუქმებითა და ახალი „3 პლუს 1" სისტემით მთავრობა უმაღლესი განათლების რეფორმის ყველაზე მასშტაბურ ცვლილებებს იწყებს - შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს დაჩქარებული წესით უკვე წარედგინა. ექსპერტების ნაწილი ახალ რეფორმებს ნეგატიურად აფასებს და ამბობენ, რომ ასეთ მკვეთრ ცვლილებს დრო, საფუძვლიანი მომზადება და დაანგარიშება სჭირდება.

პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისთვის უკვე წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსებასთან და უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს ცვლის. მთავრობის ინიციატივით ცვლილება ხუთ სხვადასხვა კანონში ხორციელდება.

უფრო კონკრეტულად, წარდგენილი ცვლილებების გათვალისწინებით, კანონით აღარ განისაზღვრება დაფინანსების არსებული მოდელები - მათ შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტები და პროგრამული დაფინანსება. კანონებიდან ყველა იმ ნორმის ამოღება ხდება, რომელიც სახელმწიფო სასწავლო გრანტს და სამაგისტრო გრანტს ეხება. ამასთან, კანონით განისაზღვრება, რომ მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სრულად სახელმწიფოს მიერ - მთავრობის მიერ დადგენილი დაფინანსების წესისა და პირობების შესაბამისად დაფინანსდება.

საუნივერსიტეტო სისტემაში, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, „3 პლუს 1" სისტემა ინერგება, სადაც 3 წელი ბაკალავრიატს დაეთმობა, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი იქნება და მისი სასწავლო კომპონენტი უნდა მოიცავდეს კრედიტებს.

აქვე აღსანიშნავია, რომ განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას ინფორმაციით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთათვის სწავლა ბაკალავრიატთან ერთად, მაგისტრატურის საფეხურზეც უფასო იქნება.

იზღუდება თუ არა არჩევანი

ორშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი მოდელის მიხედვით, აბიტურიენტები ერთზე მეტ ფაკულტეტს და უნივერსიტეტს ვეღარ აირჩევენ. მოგვიანებით განათლების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდნენ, რომ აბიტურიენტებს არ შეეზღუდებათ არჩევანის თავისუფლება. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ჩამონათვალში მიუთითონ სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამები.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას თქმით, „სპეკულაციაა" განცხადება იმის თაობაზე, თითქოს აბიტურიენტებს ფაკულტეტების არჩევანის თავისუფლება ეზღუდებათ.მან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე , თუ რას გულისხმობს „ერთი ქალაქი - ერთი უნივერსიტეტის პრინციპი".

„დღეს არსებული მოდელის მიხედვით, თბილისში არის ხუთი იურიდიული ფაკულტეტი, ხუთი ეკონომიკის ფაკულტეტი, ვგულისხმობ სახელმწიფო უნივერსიტეტებში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შესაბამისად, არსებული მოდელი გულისხმობს იმას, რომ ამ ფაკულტეტებიდან სტუდენტს შეუძლია აირჩიოს პირველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მეორე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო ტექნიკური უნივერსიტეტი და ასე შემდეგ.

„გუშინ მე განვმარტე, რომ ასეთი მოდელი შეიზღუდება, რადგან მოვახდენთ აღნიშნული 5 იურიდიული ფაკულტეტის ერთ ფაკულტეტად, ერთ პროგრამად გაერთიანებას. ეს მთავრობის მიერ დადგენილ კონცეფციაში წერია და არაფერი განსხვავებული ამ მიმართულებით არ გვითქვამს.

„შეეძლებათ სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვა სპეციალობების შემოხაზვა, ასევე სამართლის ან ეკონომიკის მიმართულებით შეეძლებათ კერძო უნივერსიტეტებში ნებისმიერი ადგილის შემოხაზვა, მათ შორის ქუთაისში არსებული უნივერსიტეტების შემოხაზვაც. 2 დღეა სპეკულაციებია, თითქოს ჩვენ გარკვეული ტიპის შეზღუდვებს ვითვალისწინებთ, ნორმატიულ აქტებში მსგავსი ტიპის ცვლილება გათვალისწინებული არ არის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

რას მოიტანს ახალი რეფორმები

ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილის აზრით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ეს ახალი ცვლილებები გაუთვლელი წამოწყებაა, რომელიც განათლების ხარისხს დააგდებს.

„მთლიანობაში, რაც შემოგვთვაზეს, რას შევადარო... ადამიანი სადღაც რომ ჩავარდება და ნაჯახს რომ იქნევს და რას მოხვდება, რომ არ იცის. აბსოლუტურად გაუაზრებელი, მოუფიქრებელი, გაუთვლელი წამოწყებაა, რომელიც მხოლოდ ცუდ შედეგს მოიტანს, განათლების ხარისხსაც დააგდებს, მოტივაციასაც. ერთადერთი, რაც მოხდება, სიტემა მოიშლება მთლიანად და გაიზრდება უკმაყოფილოთ რიცხვი.

„კონკრეტულად, მაგალითად, ის რომ უმაღლესი სასწავლებლები მთლიანად უფასო იყოს და სრულად სახელმწიფოს მხრიდან იფარებოდეს, საგრანტო დაფინასების ნაცვლად - ეს სამსჯელო თემა, დათვლა სჭირდება. ასეთი პრაქტიკა არის მსოფლიოში, მაგალითად გერმანიაში. ეს არ არის ყველაზე ცუდი წამოწყება, თუმცა ამასაც სჭირდება დათვლა, რადგან მანამდე სხვანაირად იყო.

  • „მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ ეს არ კეთდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ კონტროლი გაძლიერდეს. ანუ სურთ ფინანსური კონტროლი ჩაიგდონ ხელში და ასე გააკონტროლონ პროფესურა და სტუდენტების აქტივობა.

ორი მიმართულებაა, ერთი ცენტრალიზება და საბჭოთა კავშირის მოდელის რაღაც იდეალად წარმოსახვა, მეორე - აბსოლუტური უვიცობა საგანმანათლებლო სისტემისა და ამ სფეროს არცოდნა. ეს არის ჩემი კომენტარი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, როგორ უყურებს „3 პლუს 1" სისტემის დანერგვას, ზურაბიშვილი გვპასუხობს:

„ამასაც უარყოფითად ვუყურებ. პრინციპში, ეს ყველაფერ ჩვენთან იყო, რომ ჰარმონიზებაში მოსულიყო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან. ახლა ესენი რაღაც გსხვაგან არიან. რატომ აკეთებენ ამას, ვერ გეტყვით, გარდა იმისა, რომ არ უნდა იყვნენ ამ ევროპასთნ ჰარმონიზებული.

„ყველაფერს სჭირდება დათვლა, დაანგარიშება. განათლების სფეროსთან მქონია შეხება და ერთი რამ ძალიან კატეგორიულად შემიძლია ვთქვა - როცა ამ სფეროში რაღაცას სწრაფად აკეთებ, ეს ყოველთვის ცუდ შედეგს მოიტანს. მკვეთრი ცვლილება ყოველთვის ცუდია. თუ ცვლილებაზე მიდიხარ, ამას სჭირდება საფუძვლიანი მომზადება, ჯერ დაანგარიშება, მომზადება და მერე განხორციელება", - თქვა ზურაბიშვილმა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი ფიქრობს, რომ ზოგიერთი ცვლილება მისაღებია, თუმცა გარკვეულ ნაწილს არ ეთანხმება.

„განათლების სისტემაში ცვლილებები აუცილებელი იყო, განსაკუთრებით ძალიან კარგია უნივერსიტეტებში უფასო სწავლება. პირადად ჩემთვის გაუგებარი იყო, რატომ უნდა ჩარიცხოდა სახელმწიფოსგან გრანტები კერძო უმაღლეს სასწავლევლებს. მთავრობას საკუთარ თავზე უნდა აეღო უფასო განათლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ასე რომ, უდაოდ მისასალმებელია.

  • „თუმცა სამწლიანი საბაკალავრო სწავლება მე არასწორად მიმაჩნია. არსებობს ისეთი სპეციალობა, რასაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდება და ამას პლუს კიდევ 2 წლიანი მაგისტრატურა.

ამ ნაწილში ვერ დავეთანხმებოდი, თუმცა ამ საკითხზე შესაძლებელია ბჭობა და ამის მერე საერთო კონსენუსამდე მისვლა სპეციალისტებთან ერთად", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×