
უკრაინა „მზადაა არჩევნებისთვის", ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდმირ ზელენსკიმ, მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „პოლიტიკოსთან" ინტერვიუში მაინიშნა, რომ , რომ კიევი ომს არჩევნების ჩატარების თავიდან ასაცილებლად იყენებს. რუსეთს ეს ინიციატივა მოსწონს, თუმცა ზელენსკის განცხადებამ ქვეყნის შიგნით, პოლიტიკური სპექტრის ნაწილში, უკამყოფილება გამოიწვია. ჩაატარებს თუ არა უკრაინა ომის პარალელურად არჩევენებს და რა გამოწვევები ახლავს ამ პროცესს?
ზელენსკის ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადა 2024 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ უკრაინაში საარჩევნო პროცესი შეჩერებულია, მას შემდეგ, რაც რუსეთის შეჭრის შემდეგ საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.
ტრამპის მიერ Politico-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში გაკეთებული კომენტარების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მოითხოვს წინადადებების შემუშავებას, რომელმაც შესაძლოა კანონი შეცვალოს.
მისივე თქმით, არჩევნები შესაძლოა მომდევნო 60-90 დღეში ჩატარდეს, იმ პირობით, თუ არჩევნების უსაფრთხოების გარანტორები აშშ და სხვა ევროპელი პარტნიორები იქნებიან.
- „ახლა ვთხოვ და ამას ღიად ვაცხადებ, რომ აშშ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად, არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაგვეხმაროს ",
„მე მჯერა, რომ უკრაინაში არჩევნების საკითხი, პირველ რიგში, ჩვენს ხალხზეა დამოკიდებული" - განაცხადა ზელენსკიმ.
„მოვისმინე რამდენიმე გადაკრული სიტყვა, რომ ჩვენ ხელისუფლებას ვებღაუჭებით, რომ მე პირადად პრეზიდენტის სავარძელს ვებღაუჭები და რომ სწორედ ამიტომ არ მთავრდება ომი, ეს, გულწრფელად რომ ვთქვათ, სრულიად არაადეკვატური ისტორიაა", - აღნიშნა ზელენსკი
შეგახსენებთ, ზელენსკიმ 2019 წლის არჩევნებზე ხმების 73%-ზე მეტი დააგროვა.
რუსეთი ამტკიცებდა, რომ ზელენსკი არალეგიტიმური ლიდერია და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობად ახალი არჩევნების ჩატარებას ასახელებდა - ეს საკითხი ტრამპმაც რამდენჯერმე წამოჭრა.
„ისინი დემოკრატიაზე საუბრობენ, მაგრამ საქმე იქამდე მიდის, რომ ეს დემოკრატია აღარ არის", - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა Politico-ს.
ომის დროს არჩევნებს მნიშვნელოვანი პრაქტიკული დაბრკოლებები აქვს. ფრონტის ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს შესაძლოა ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდეთ ან ამისთვის შვებულება დასჭირდეთ. გაეროს მონაცემებით, კონფლიქტის გამო საზღვარგარეთ დაახლოებით 5,7 მილიონი უკრაინელი ცხოვრობს. ნებისმიერი კენჭისყრა კი უსაფრთხოების რთულ, დამატებით ზომებს მოითხოვს.
„პუტინს სურს ჩვენი განადგურება, შიგნიდან"
როგორც BBC-ს უკრაინელმა ოპოზიციონერმა განუცხადა, ასეთი კენჭისყრა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა სამართლიანი, თუ ყველა უკრაინელს შეეძლო მონაწილეობა, მათ შორის, საუბარია ფრონტის ხაზზე მებრძოლ ჯარისკაცებზეც.
„გოლოსის" წარმომადგენელმა ლესია ვასილენკომ BBC -ის განუცხადა, რომ „არჩევნების ჩატარება ომის დროს შეუძლებელია".
ევროპული სოლიდარობის პარტიის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა: „მე სრულიად წინააღმდეგი ვარ ამ იდეის, ვერც კი ვხვდები, რატომ თქვა ეს ზელენსკიმ".
„ეს სრულიად შეუძლებელია. არჩევნები უბრალოდ ფურცელზე რაღაცის მონიშნა არ არის - ეს დებატებია, ეს კამპანიაა, მთელი პროცესი. შესაძლოა, ზელენსკი ამას ისეთ შესაძლებლობად აღიქვამს, რომ მისთვის ხელსაყრელი კვაზი-არჩევნები ჩაატაროს, მაშინ როცა ის მედიას აკონტროლებს და მისი ოპონენტები, სავარაუდოდ, მზად არ არიან."-განაცხადა ოპოზიციონერმა.
უკრაინის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ოლექსანდრ მერეჟკომ კი თქვა,, რომ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის „მტკიცე კონსენსუსი" იყო იმის შესახებ, რომ საომარი მდგომარეობის დროს არჩევნები არ ჩატარდებოდა, განუცხადა BBC-ს ზელენსკის პარტიის - „ხალხის მსახურის" - დეპუტატმა.
„ოპოზიციაც კი, რომელიც ზელენსკის წინააღმდეგია და მისი გადაყენება სურს, არჩევნების წინააღმდეგია, რადგან ისინი ხვდებიან ომის დროს არჩევნების ჩატარების მცდელობის საფრთხეს", - თქვა მან.
მერეჟკომ დასძინა, რომ იდეა „ზუსტად ის იყო, რაც პუტინს სურდა". „საარჩევნო კამპანია განხეთქილების მომტანი იქნება. პუტინს სურს ჩვენი განადგურება შიგნიდან, არჩევნების გამოყენებით".
„ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად იყო არჩევნებისთვის, როგორც კი პირობები ამის საშუალებას მისცემდა", - დაწერა ანალიტიკურ ცენტრ „უკრაინული პრიზმის" საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსმა ჰანა შელესტმა.
თუმცა, მთავარი კითხვა იყო, თუ როგორ შეგვექმნა ის პირობები, რაც ზელენსკიმ განსაზღვრა, განაცხადა შელესტმა.
„ამ კითხვის პასუხია- თქვენ ვერ უზრუნველყოფთ საარჩევნო უბნების უსაფრთხოებას", - განაცხადა ანალიტიკოსმა.
აქვე, ბი-ბი-სი წერს, რომ ზელენსკი ტრამპის მხრიდან მუდმივ ზეწოლას განიცდის,, რათა სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდეს.
რას ამბობს კრემლი
კრემლი ტრამპის „პოლიტიკოსთან" მიცემული ინტერვიუთი კმაყოფილი დარჩა.
პოლიტიკოს-სთან ინტერვიუში დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებები რუსეთის პოზიციას შეესაბამება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ინტერვიუში „კონფლიქტის ძირეულ მიზეზებს შეეხო".
„ჩვენ ძალიან ყურადღებით გავეცანით Politico-სთან ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელიც ჩვენ და უკრაინის მოგვარების პროცესს ეხებოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვიუ და მნიშვნელოვანი განცხადებებია. რა თქმა უნდა, [ტრამპის განცხადებები] ნატო-ში გაწევრიანების, ტერიტორიებისა და იმის შესახებ, თუ როგორ კარგავს უკრაინა მიწებს, ჩვენს გაგებას შეესაბამება", - განაცხადა პესკოვმა.
ასევე, მისი თქმით, არჩევნების ჩატარების შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება „საკმაოდ ახალია".
„ეს ის არის, რის შესახებაც პრეზიდენტ პუტინი დიდი ხანია საუბრობს და ის არის, რაზეც პრეზიდენტმა ტრამპმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინამ არჩევნები უნდა ჩაატაროს. ასევე, დონალდ ტრამპის თქმით, „ყოველთვის არსებობდა იმის გაგება, რომ უკრაინა არასდროს გაწევრიანდებოდა ნატო-ში".
- „პუტინამდე დიდი ხნით ადრე იყო გაგება, რომ უკრაინა ნატო-ში არ შევიდოდა. სრული სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს პუტინამდე დიდი ხნით ადრე იყო."
"ახლა კი ისინი დაჟინებით მოითხოვენ. იცით, როდესაც ზელენსკი პირველად პუტინს შეხვდა, მან თქვა, რომ ორი რამ სურდა. „მინდა ყირიმის დაბრუნება და ჩვენი ნატო-ში გაწევრიანება". მან ეს არც ისე ლამაზად თქვა", - განაცხადა ტრამპმა.