გიორგი შვანგირაძე: წინასწარ შეფასდეს, რამდენად სასარგებლო იქნება ეს პროექტი და ღირს თუ არა მისი განხორციელება
თამარ ვეფხვაძე
10.12.2025

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იგეგმება, სადაც განთავსდება როგორც სამინისტროები, ასევე მერია, მთავრობის ადმინისტრაცია და საქართველოს პარლამენტი. სპეციალისტები მთავრობის ამ გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებენ, რადგან სამთავრობო ქალაქის მოწყობით, დედაქალაქი განიტვირთება, თუმცა იმავდროულად რისკებზეც ამახვილებენ ყურადღებას. ურბანისტების განცხადებით, სამთავრობო ქალაქის მოწყობა, თავისი გამართული ინფრასტრუქტურით, საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია, შესაბამისად, ეჭვობენ, ღირს თუ არა ამ პროექტის განხორციელება? 

პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი კომენტარი გააკეთა. მისი ინფორმაციით, ადმინისტრაციული შენობების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, კონკრეტული სამინისტროების შენობები გაიყიდება: 

„კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს, რათა იგივე ფასად ჩვენ მივიღოთ ახალი შენობები. მათი მშენებლობა ხელს შეუწყობს ეკონომიკურ აქტივობას. მეორე მხრივ, როდესაც საინვესტიციო მიზნებით კონკრეტული ობიექტები გასხვისდება, ესეც დამატებით სტიმულს მისცემს ეკონომიკურ აქტივობას“, - განაცხადა პრემიერმა.

არსენალის მთაზე, მთავრობის საკუთრებაშია 77 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და თბილისის ფარგლებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ეს ტერიტორია ერთ-ერთი უმსხვილესი ზონაა. ცნობილია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ბაზრის მოკვლევის თანახმად, პროექტის ფარგლებში, სულ 282.750 კვადრატული მეტრის ახალი საოფისე და ადმინისტრაციული ნაგებობები უნდა აშენდეს. მათ შორის, უნდა მოეწყოს ღონისძიებების გასამართი არანაკლებ 10.000 კვადრატული მეტრის მისაღები სივრცე. ჩამოთვლილ ობიექტებს შორის, ყველაზე დიდი იქნება თბილისის მერია - 59.900 კვადრატული მეტრის ფართობით, პარლამენტის შენობისთვის კი - 31.350 კვადრატული მეტრის საოფისე შენობა იქნება გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ არსენალის მთის პროექტის განხორციელებას და დაახლოებით, 300 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის ჩადებას 2007 წელს კახა კალაძეც გეგმავდა. ზუსტად იმ პერიოდში, კალაძის მიერ დაფუძნებულმა „კალა კაპიტალის“ შვილობილმა კომპანიამ - „არსენალ დეველოპმენტი“, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში, არსენალის მთაზე არსებული 77 ჰექტარი მიწის ნაკვეთის შეძენის აუქციონში გაიმარჯვა. ამ აუქციონზე, მიწა 38 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა, საიდანაც 19 მლნ დოლარი კომპანიამ დაფარა, თუმცა მეორე ნახევარი - ვეღარ. მიზეზი 2008 წლის აგვისტოს ომის გამო გაუარესებული საინვესტიციო მდგომარეობა იყო. საბოლოოდ, მიწა ისევ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩა. 

სამთავრობო ქალაქის აშენების იდეა პირველად 2017 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააჟღერა. საბოლოოდ, ეს პროექტი არ განხორციელდა, თანაც იმ პერიოდში, სამთავრობო ქალაქის გაშენება ორთაჭალაში იგეგმებოდა. 2024 წლის 4 აგვისტოს, მთავრობა სამინისტროების გადატანის პროექტს დაუბრუნდა - სწორედ ამას ითვალისწინებს ირაკლი კობახიძის 4 აგვისტოს განკარგულება, რომლითაც მუნიციპალური განვითარების ფონდს პროექტისთვის შესაბამისი სამუშაოების ჩატარება დაევალა.

არქიტექტორი და ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე სამთავრობო ქალაქის პროექტის დეტალებს არ იცნობს, ამიტომ მას ვერ შეაფასებს, თუმცა ამბობს, რომ აუცილებელია სრული ანალიზი. ეს ნიშნავს, რომ ზუსტად უნდა ვიცოდეთ პროექტის დადებითი, უარყოფითი მხარეები, რისკები და გამოწვევებიც. 

„ამ ეტაპზე, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ცუდი იდეა არ არის, თუმცა პროექტის ხარჯი საკმაოდ დიდი იქნება. შესაბამისად, მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ უფრო მეტი და დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდოს. ერთადერთი დეტალი, რაშიც ეჭვი მეპარება ისაა, რომ მერია და აღმასრულებელი ხელისუფლება აბსოლუტურად სხვადასხვა სტრუქტურებია. ამიტომ, არ მგონია, მათი „მეზობლობა“ კარგი იდეა იყოს. პირიქით, პრინციპულად უნდა გავმიჯნოთ, რადგან მერია თვითმმართველობაა, ხოლო პარლამენტი, მთავრობა და სამინისტროები - ცენტრალური მმართველობა. მათი სიახლოვე თუნდაც სტრუქტურულად და ფუნქციურად, არ მგონია, სწორი იყოს, მერია ტერიტორიულადაც კი სხვაგან უნდა იყოს. სამწუხაროდ, არ გვესმის, რას ნიშნავს თვითმმართველობა და ეს არის უბედურება“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ლადო ვარდოსანიძემ.  

სამთავრობო ქალაქის პროექტი რომ საკმაოდ ხარჯიანი იქნება, ამ პოზიციას იზიარებს ინჟინერ-მშენებელი, ურბანისტი გიორგი შვანგირაძეც. რაც შეეხება აღმასრულებელი, საკანონმდებლო და თუნდაც თვითმმართველი სტრუქტურების ერთად თავმოყრას, იგი ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. მანამდე პროექტის ხარჯთაღრიცხვა დეტალურად უნდა შევისწავლოთ და დავადგინოთ, გვიღირს კი, სამთავრობო ქალაქის მშენებლობა? 

„ეს იდეა, რაც დღეს გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ცუდი ნამდვილად არ არის. ერთი მხრივ, ქალაქი განიტვირთება, რადგან სხვადასხვა დაწესებულებები ცენტრს მოშორდება. თუმცა, არის მეორე მხარეც, რომელიც გულისხმობს, რომ სამინისტროები, მერიის შენობა, ცხადია, ჩვეულებრივ კორპუსებში ვერ განთავსდება. ეს იქნება კარგი, დახვეწილი დიზაინის, უმაღლესი ხარისხით კეთილმოწყობილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობები, რაც დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. 

მართალია, პრემიერმა აღნიშნა, რომ გამოთავისუფლებული სამთავრობო შენობები გაიყიდება, მაგრამ არსებული შენობების ყიდვაც უნდა უღირდეს ინვესტორს. ავიღოთ ქუთაისის პარლამენტის შენობა, რამდენი წლის განმავლობაში  იყიდება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არავის სჭირდება. შესაბამისად, არსებობს დიდი რისკი, რომ ამ შენობებთან დაკავშირებითაც იგივე მოხდეს. ამხელა თანხის გადახდა არავის აწყობს, კერძო პირმა უნდა შეიძინოს ხომ? მას ბიზნესის წარმოებისთვის ურჩევნია, იაფად შეიძინოს შენობა და არა ძვირად“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი შვანგირაძემ.  

მისი თქმით, აუცილებელია, წინასწარ შეფასდეს, რამდენად სასარგებლო იქნება ეს პროექტი და ღირს თუ არა მისი განხორციელება, რადგან არსენალის მთაზე უზარმაზარი ინფრასტრუქტურული სამუშოაებიც უნდა ჩატარდეს, რაც სამთავრობო ქალაქის პროექტის ხარჯს ერთიორად გაზრდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×