
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ ALDE-ს მხრიდან, რომლის პოლიტიკური ოჯახის წევრი „ლელოა“, ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილ მძიმე დანაშაულზე რეაქცია არ არის, „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი“ პასუხობს.
„რა თქმა უნდა, ALDE ასეთ ქმედებებს არ ამართლებს, ეს თავისთავად გასაგებია. ისევე, როგორც ჩვენ არასდროს გავამართლებდით ძალადობის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ან ქიმიური იარაღის გამოყენებას მოქალაქეებზე“, - აცხადებს ALDE.
მმართველი გუნდი ALDE-ს ყალბი ნარატივების და უარგუმენტო ბრალდებების გავრცელებაში ადანაშაულებს.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „10 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ვიხილეთ ტერორისტული აქტი, რეაქცია არ არის. შეგვიძლია დღეიდან უკვე ფაქტად მივიღოთ, რომ ALDE არის ტერორისტთან მოთანამშრომლე პარტიული გაერთიანება“.
პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში 29 ნოემბერს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა და ფაქტის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.