„საჭიროა რეფორმა იყოს სტაბილური, თანმიმდევრული, ხანგრძლივი და მდგრადი"
მარიამ ვეკუა
11.12.2025

მარიამ ლაშხი: „ისტორიაში აუცილებლად შევალთ, როგორც რეფორმატორები, რომლებიც არ შეუშინდნენ არც ფსევდოლიბერალების ბულინგს."

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც უმაღლესი განათლების მიღების სისტემა და დაფინანსების მოდელი იცვლება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს მთელ სექტორს ხელისუფლების მიმართ კიდევ უფრო მორჩილს გახდის, მმართველ გუნდში კი იმედოვნებენ, რომ ისტორიაში რეფორმატორების სახელით შევლენ.

წარდგენილ პროექტს მესამე მოსმენისას 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 9 წინააღმდეგ წავიდა.

გარდა ამისა, პარლამენტმა შსს-ს აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად გარდაქმნის ინიციატივას დაუჭირა მხარი. ამავე პაკეტის ფარგლებში განხორციელდა ცვლილებები, რომლის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სამაგისტრო პროგრამის განხორციელების შესაძლებლობა ეძლევა.

ეს საკანონმდებლო ცვლილებები შს სამინისტრომ მოამზადა.

შსს აკადემია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემია იქნება. პოლიციის სისტემაში დასაქმების მსურველი პირები პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხებიან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი, თავის მხრვი, აკადემიად გადაკეთდება.

რა იცვლება

ახალი კანონით, საგრანტო დაფინანსება უქმდება. კანონებიდან ყველა იმ ნორმას ამოიღებენ, რომელიც სახელმწიფო სასწავლო და სამაგისტრო გრანტებს ეხება. ამასთან, ახალი კანონით, მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლესებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე სწავლას სრულად სახელმწიფო უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, მთავრობა, განათლების სამინისტროს წარდგინებით, ყოველწლიურად დაამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდებით, ასევე ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას - როგორც უნივერსიტეტის, ისე კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით.

საუნივერსიტეტო სისტემაში, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, 3+1 სისტემა ინერგება, სადაც 3 წელი ბაკალავრიატს დაეთმობა, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას.

  • დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი იქნება

მისი სასწავლო კომპონენტი უნდა მოიცავდეს კრედიტებს.

ოპოზიციის პოზიცია

„გახარია საქართველოსთვის" დეპუტატის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები არ ემსახურება უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას .            "დავეთანხმები ჩემს კოლეგას ეს ჩვენს ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი რეფორმაა, თუმცა მისი მიზანი არაა სწავლის ხარისხის გაუმჯობესება, ის ემსახურება სისტემის მეტ პარტიულ დაქვემდებარებას, აკადემიური თავისუფლების კიდევ უფრო მეტ შეზღუდვას, უნივერსიტეტის ავტონომიის გაქრობას, განსხვავებული აზრის დევნას და ხარჯების შემცირებას.

„განათლების მიდგომებს ჩვენს ქვეყანაში სამინისტროს ყოველი ახალი ხელმძღვანელობა ცვლის,

თათა ხვედელიანი: "ყოველი ახალი მინისტრი „ოცნების" პირობებში ახალი ინიციატივით მოდის და ძველი მიდგომების გაუქმებით იწყებს. საბოლოოდ მივიღეთ ის მდგომარეობა, რაც გვაქვს, რაც დამღუპველია"

იმიტომ, რომ თუ ვსაუბრობთ განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, საჭიროა რეფორმა იყოს სტაბილური, თანმიმდევრული, ხანგრძლივი და მდგრადი. ის არ უნდა იყოს ნაჩქარევი," - განაცხადა ხვედელიანმა.

მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის" წევრმა გოტა ჭანტურიამ ამ კანონს „განათლების სისტემის განადგურება" უწოდა.

„რამხელა უპასუხისმგებლობაა, როცა ასე მოკლე ვადებში იღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც ასიათასობით ადამიანზე აისახება. წარმოიდგინეთ აბიტურიენტის მდგომარეობა, რომელმაც არ იცის სად შეიძლება ჩააბაროს, არ იცის დაფინანსება ექნება თუ არა, არ იცის საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას შეძლებს თუ არა, არ იცის ვინ დახვდება უნივერსიტეტში და ვინ ასწავლის. ინფორმაცია არაფერზე არა აქვს და ამ ყველაფერში უწევს მონაწილეობა, მით უფრო, რომ მისთვის აზრი არავის არ უკითხავს: უნდა, არ უნდა, აწყობს თუ არ აწყობს.

„ყველაზე სასაცილო ის არის, რომ 13 წლის თავზე აღიარებენ, განათლების სისტემა არის კატასტროფულ მდგომარეობაში როგორც სასკოლო, ასევე უმაღლესი განათლების მიმართულებით"-განაცხადა ჭანტურიამ.

„ნაფიქრია, გააზრებულია"

მმართველ გუნდში კი ოპონენტებს პასუხობენ, რომ ყველა რეფორმა კარგად გააზრებული და ნაფიქრია.

„ყველა ის ძირითადი მიმართულება, რაც რეფორმის ფარგლებშია, არის კარგად ნაფიქრი, კარგად გააზრებული, პროფესიონალების და ექსპერტების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომად," - ამტკიცრებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი:

„ისტორიაში აუცილებლად შევალთ, როგორც რეფორმატორები, რომლებიც არ შეუშინდნენ არც ფსევდოლიბერალების ბულინგს."

"არც იმ გამოწვევებს, რასაც სამწუხაროდ დღეს თქვენ აწყდებით და ხართ ამ გავლენებში. საქართველოს და ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ისტორიაში სამწუხაროდ, თქვენ თქვენი წითელი ღილაკით შეხვედით და დაიმკვიდრეთ თქვენი ადგილი თქვენს პოლიტიკურ მოღვაწეობაში", - მიმართა ლაშხმა ოპოზიციას.

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განათლების რეფორმაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა:

„მინდა მოვულოცო სრულიად საქართველოს უფასოდ სწავლების საშუალება ჩვენი სტუდენტებისთვის და ესეც ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა. ეს არის ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი და ეროვნული გადაწყვეტილება და მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ კარგ კორელაციაშია ეს გადაწყვეტილება იმ დიდ და ფუნდამენტურ რეფორმასთან", - აღნიშნა კირცხალიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×