ევროკომისია პლატფორმა „იქსს“ ასანქცირებს და კონტენტის ფაქტობრივ გაკონტროლებას ითხოვს
თამთა ჩაჩანიძე
11.12.2025

     მასკი: „ევროკავშირი უნდა გაუქმდეს და სუვერენიტეტი უნდა დაუბრუნდეს ცალკეულ ქვეყნებს, რათა მათმა მთავრობებმა უკეთ შეძლონ საკუთარი მოსახლეობის ინტერესების წარმოდგენა"

ევროკავშირსა და ამერიკელ მილიარდერს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა - ილონ მასკმა, არც მეტი არც ნაკლები, მთელი ევრობლოკის გაუქმება მოითხოვა მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ მასკის სოცმედია „იქსი" (ყოფილი ტვიტერი) 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა, და მზადაა მის ხელთ არსებული არც თუ უმნიშვნელო რესურსები ამ მიმართულებით გადაისროლოს.

საქმე კიდევ უფრო დაძაბა ტრამპის ადმინისტრაციამ, რომელმაც მასკს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა და საწყის ეტაპზე საკონსულოებს ფაქტჩეკერებისთვის ვიზების გაცემა აუკრძალა.

ევროკავშირმა 2022 წლის ნოემბერში მსხვილი ციფრული მომსახურების სექტორს ახალი რეგულაციები დაუწესა, რომელიც ეხება გამჭვირვალობას, პერსონალური მონაცემების დაცვას, უკანონო კონტენტს, დეზინფორმაციასა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლას. და თუ შესაბამისი კომპანიები არ აკმაყოფილებენ „ციფრული მომსახურების აქტით" გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შეიძლება წლიური გლობალური ბრუნვის 6%-მდე ოდენობის ჯარიმა დაეკისროთ. ევროკომისიის მტკიცებით, მასკის „იქს"- მა სამი პუნქტი დაარღვია.

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ილონ მასკს მხარი დაუჭირა, ევროკავშირი გააკრიტიკა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაში დაადანაშაულა.

ევროკომისიამ „იქს"-ზე გადაწყვეტილება 2-წლიანი გამოძიების შემდეგ გასულ კვირას გამოაცხადა. შედეგად დაადგინა, რომ პლატფორმამ მიზანმიმართულად შექმნა ე.წ. ლურჯი მონიშვნის სისტემა, რათა შეცდომაში შეეყვანა მომხმარებელი, არ უზრუნველყო რეკლამის გამჭვირვალობა და ე.წ. ფაქტჩეკერებს არ მისცა საჯარო მონაცემებზე წვდომის უფლება.

ევროკომისია: „იქს"-ს ვაკისრებთ პასუხისმგებლობას

  • მისი მატყუარა დიზაინის გამო.
  • რეკლამის გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო.
  • მკვლევრებისთვის საჯარო მონაცემებზე წვდომის შეზღუდვის გამო.

მასკის პლატფორმას ახლა 90-დღიანი ვადა აქვს ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ევროკომისია ამბობს, რომ „შეუსაბამობის შეუსრულებლობამ შესაძლოა პერიოდული ჯარიმების გადახდა გამოიწვიოს".

კომისიის პრესპიკერი თომას რენიერი აცხადებს, რომ ევროკავშირს ამ ქეისთან დაკავშირებით „მყარი არგუმენტები" აქვს.

ევროკომისიის ტექნოლოგიური სუვერენიტეტის საკითხებში ვიცე პრეზიდენტი ჰენა ვირკუნენი: „ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ ჩვენი ციფრული კანონმდებლობის შესრულება".

     ტრამპი: „ევროპა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს... ვერ ვხდები, როგორ შეუძლიათ ამის გაკეთება"

ტრამპის ადმინისტრაცია მასკს მხარს უჭერს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ევროკომისიის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. მისი თქმით, ევროკავშირი სისულელის გამო ამერიკულ კომპანიებს თავს არ უნდა დაესხას.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკომისია იქს-ს ასობით მილიონი დოლარით დააჯარიმებს ცენზურის არარსებობისთვის. ევროკავშირმა ამერიკულ კომპანიებზე სისულელის გამო თავდასხმის ნაცვლად მხარი უნდა დაუჭიროს სიტყვის თავისუფლებას",- ამბობს ვენსი. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახლახან თეთრი სახლის ვებ-გვერდზე აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია და ტრამპის საგარეო პილიტიკის ძირითადი პრინციპები გამოქვეყნდა, რომელიც ევროკავშირის მკაცრ კრიტიკას მოიცავს, რაც თავად ბლოკისთვის გახდა განსაკუთრებით მიუღებელი და მოულოდნელი.

„ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის",- განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ევროკავშირის ჯარიმის შესახებ სრულ ანგარიშს ელოდება. ირწმუნება, მასკს არ დაურეკავს მისთვის დახმარების სათხოვნელად ამ საკითხზე.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ფედერალური საკომუნიკაციო კომისიის თავმჯდომარე ბრენდან კარმა ეს ნაბიჯი დაგმეს, როგორც თავდასხმა ამერიკულ კომპანიებზე.

ტრამპის ადმინისტრაცია კიდევ უფრო შორს წავიდა. წინა კვირას სახდეპმა უცხოეთში ამერიკის საელჩოებსა და საკონსულოებს დაუგზავნა მემორანდუმი, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკის ვიზაზე უარი უნდა ეთქვას ყველა იმ პირს, ვინც „პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა გამოხატვის თავისუფლების ცენზურისთვის", ანუ ე.წ. ფაქტჩეკერებს.

თავად მასკი კი გადაჭრით მოითხოვს ევროკომისიისა და ზოგადად ევრობლოკის დაშლას.

„ევროკომისია უნდა დაიშალოს არჩევითი ორგანოს სასარგებლოდ, ხოლო ევროკავშირის პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩიონ. ამჟამინდელი სისტემა ბიუროკრატიის მმართველობაა და არა დემოკრატია", - წერს მასკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×