
„ალდეს" პაპუაშვილის განცხადებაზე - დაეგმოთ ალეკო ელისაშვილის ქმედება - პასუხი უკვე აქვს: ევროპის ლიბერალური ძალების გაერთიანება აცხადებს, რომ არც ელისაშვილის მოქმედებას ამართლებს და არც ძალადობას, თუ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას ემხრობა.
განცხადებამ „ოცნებაში" უკმაყოფილება გააჩინა - მმართველ გუნდში ამბობენ, ნაცვლად იმისა, რომ მკაფიოდ დაეგმოთ ტერორიზმი, „თავს მართლების რეჟიმში", ყალბი ნარატივების გავრცელებას ცდილობენ.. „ლელოში" კი მიაჩნიათ, რომ მიმდინარე პროცესები მათ პოლიტიკურ დისკრედიტაციას ემსახურება.
9 დეკემბერს შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ 10 დღე ამოიწურა და ალდე ტერორისტთან მოთანამშრომლე ორგანიზაციაად მოიხსენია, ალდეს პასუხი 11 დეკემბერს მოჰყვა. ორგანიზაციის მოკლე განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა, წერილში ვკითხულობთ, რომ ალდე ელისაშვილის ქმედებას არ ამართლებს.
„რა თქმა უნდა, ალდე ამ ქმედებებს არ ამართლებს, ეს თავისთავად ნათელია. ისევე როგორც ჩვენ არასდროს გავამართლებთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის ან მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას", - წერს ალდე პლატფორმა იქსზე.
თავის მართლების რეჟიმი?
„ოცნებაში" ამბობენ, რომ „ალდე" თავის მართლების რეჟიმშია და თუ მკაფიოდ არ დაგმობენ ტერორიზმს „ეს სიმძმე მათ უფრო მეტად დააწვებათ"., როგორც ჩანს „ოცნებაში" უფრო ვრცელ და მკაფიო განცხადებას ელოდნენ, სადაც სიტყვა „ტერორიზმი" ფიგურირებდა.
„ალდე ჩვეულებრივი ყალბი ნარატივების გამავრცელებელი ორგანიზაციაა. მაშინაც კი, როცა უკვე ჩვენი ოპონენტებიც ქიმიურ იარაღზე აღარ ლაპარაკობენ და ეს თემა მილევად რეჟიმშია, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ ამ სისულელის გავრცელების გამო, უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნენ, ალდე ამას მაინც ურცხვად იმეორებს. კარგად იციან, რომ ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას, ვისაც ეს საკითხი სერიოზულად დააინტერესებს, მთელი დოკუმენტაცია გადაეცემა, მიუხედავად იმისა, რომ „გრიფით საიდუმლო" ადევს. მათ იციან, რომ კამიტი სამხედრო ხასიათის პარალიზების ეფექტის მქონე ნივთიერებაა, რომელიც ლეტალურ შედეგებსაც იწვევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხედროების მიერ მის გამოყენებას აზრი დაეკარგება. ამიტომ, თუნდაც აქედან უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ არავითარი სამხედრო დანიშნულების ქიმიური იარაღის გამოყენება არ მომხდარა," - განაცხადა „ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა.
„ხალხის ძალის" დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა ალდეს განცხადებას სამარცხვინოც კი უწოდა.
- ეკა სეფიაშვილი: „ალდეს განცხადება არის სამარცხვინო. დაახლოებით, 10 დღე მოუნდა იმის გააზრებას, რომ თურმე ალეკო ელისაშვილმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა"
„ალდეს განცხადება არის სამარცხვინო. დაახლოებით, 10 დღე მოუნდა იმის გააზრებას, რომ თურმე ალეკო ელისაშვილმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა და ისიც კი ვერ გაბედა, რომ დაეგმო ეს ტერორისტული აქტი, იმდენად არის მოყოლილი სწორედ იმ დაჯგუფების, გლობალური აქტორების გავლენის ქვეშ, რომლებიც მართავენ ასეთ ტერორისტულ აქტებს საქართველოში. მათი ეს განცხადება ჩემთვის აშკარად იმის მიმანიშნებელია, რომ ეს პოლიტიკური პარტია ევროპის მასშტაბით იმართება იმ უცხოელი აქტორების მიერ, რომლებიც ასეთ ძალადობრივ ქმედებებს ემხრობიან. - განაცხადა სეფაშვილმა.
„პოლიტიკური დისკრედიტაციის მცდელობა"
„ლელოს" აღმასრულებელი მდივანი, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რომ შალვა პაპუაშვილს პოლიტიკური მიზანი „ლელო - ძლიერი საქართველო" პოლიტიკური დისკრედიტაციაა.
„კრამიტებიც კი არავისთვის დაუმტვრევია შალვა პაპუაშვილს. იმდენად მდარე არსებაა, რომ მასზე კომენტარიც აღარ მინდა. ძალიან იაფფასიანი არარაობაა, ვირეშმაკა კაცია. ძალიან კარგად იცის, რომ არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებულია და ისე, რომ სასამართლოს ამ საკითხზე არ უმსჯელია, უკვე კონკრეტულ დანაშაულს ადებს, როგორც დამნაშავეს, ტერორისტს ეძახის [ალეკო ელისაშვილს].
„შალვა პაპუაშვილი ხომ ხეპრეა... ამას აკეთებს მიზანმიმართულად. პოლიტიკური მიზანი აქვს ჩვენი პოლიტიკური პარტიის დისკრედიტაცია, შესაბამისად, ძალიან დიდი ალბათობით, სამართლებრივ დევნაში უნდა ეს გამოიყენოს.
- თაზო დათუნაშვილი: „რამდენიმე ჭკუასუსტს, მოლაპარაკე თავს წამოსცდა, რომ პარტიების აკრძალვის საქმე „ლელოს" წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთო."
"პაპუაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ სამართლებრივად არავითარი კავშირი არ აქვს ალეკო ელისაშვილს „ლელო-ძლიერ საქართველოსთან". ჩვენი პოზიცია დაფიქსირებულია განცხადებაში, რომელიც გამოვაქვეყნეთ. ელისაშვილმაც პასუხის გასცა შალვა პაპუაშვილისნაირ არსებას, ოღონდ ის არ ჩერდება",- აღნიშნა დათუნაშვილმა.
შგეახსენებთ, მას შემდეგ, რაც წინა კვირას პაპუაშვილმა „ალდეს", „ლელო-ძლიერ საქართველოსა" და „მოქალქეებს" ორშაბათამდე დრო მისცა, რათა ტერორისტული აქტის ჩადენის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშილი, პარტიებიდან გაერიცხათ, ლელო-ძლიერი საქართველოს კოალიციამ განაცხადა, რომ ელისაშვილი არ არის „ლელოს" წევრი და ასევე, პარტია „მოქალაქეები" არ არის „ალდეს" წევრი, შესაბამისად პარტიიდან ვერ გარიცხავდნენ.