
„ფედერალისტების" ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზოციის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს ფეისბუქ-პოსტებით მკვეთრად უპირისპირდება. ამას საპასუხო კრიტიკული რეაქციებიც მოჰყვა და ერთმანეთის მიმართ ლანძღვა მიდის. გარდა ამისა, ჩერგოლეიშვილმა „საფარის" ხელმძღვანელ ბაია პატარაიას ცილისწამების საქმე მოუგო. პატარაია სტრასბურგის სასამართლოში ჩივილს აპირებს.
საქმეზე გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ზვიად ესებუამ 10 დეკემბერს გამოაცხადა. პოლიტიკოსი ამბობს, რომ სამართლებრივი დავა დაიწყო საჯაროდ გავრცელებული განცხადებების გამო.
სასამართლომ მხოლოდ ის განცხადება არ მიიჩნია ცილისწამებად, რომელშიც ნახსენები იყო „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. ჩერგოლეიშვილი გეგმავს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.
„მოვიგეთ ფეოლა!
1 ლარი დაეკისრა მოქალაქე ბაბუცას. გიგაზე ამბობენ რომ ფული აიღო ბიძინასგან ნაწილი. არ დამიკმაყოფილა მხოლოდ, რადგან სხვებს ეყრდნობოდა და მაგას გავასაჩივრებ - ბოლომდე!" - წერს ჩერგოლეიშვილი.
ბაია პატარაიამაც განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
- „აუცილებლად გავასაჩივრებ ბოლომდე, და მერე სტრასბურგში, რადგან სიტყვის თავისუფლებაზე დგას დემოკრატია.
ქვეყანას, სადაც უფლებადამცველებს უფლება ერთმევათ პოლიტიკური შეფასება მისცენ პოლიტიკოსის წარსულს, ნათელი მომავალი არ აქვს", - ამბობს ის.
ამაზე ჩერგოლეიშვილმა საპასუხო პოსტი დადო:
„ვინც სტრასბურგამდე არ მივიდეს, ის იყოს მოქალაქე ბაბუცას ვიდეოებში რომ საწყალი მოსამსახურე გოგოები არიან, ამის დივად გამოსაჩენად.
ჩემს ინტერესშია რომ ეს საქმე სტრასბურგში მოხვდეს და იქაც ისე სახელოვნად გაფარჩაკდეს, როგორც აქ".
ბაია პატარაიამ თამარ ჩერგოლეიშვილთან დაკავშირებით ფეისბუქზე პოსტი 10 იანვარს დაწერა. ის ამტკიცებდა, რომ „ჩერგოლეიშვილი იყო სააკაშვილის კორუფციული ელიტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სახე. ვერასდროს გაირეცხება და ოდანავადაც არ ჯობია არცერთ ოპოზიციურ პარტიას წესიერებით". საჩივრის შეტანამდე, თამარ ჩერგოლეიშვილი ბაია პატარაიასგან ცილისწამების საჯაროდ აღიარებასა და ბოდიშს შემდეგ ბრალდებებზე ითხოვდა.
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი თამარ ჩერგოლეიშვილზე ვრცელ ვიდეოს ავრცელევს, სადაც აკრიტიკებს და ბრალს სდებს, რომ პროცესებს აზარალებს.
გარდა ამისა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ინგა გრიგოლიას ეთერიდან ნაწყვეტი გააზრიარა და დაწერა:
„ესაა ანტიჟურნალისტი, სინდისგაყიდული, ჩლუნგი ჯაგა. დაბლოკილი გყავს შე ადამიანის სინდისის ჭუჭყო, საკუთარი ნებით მონად გაყიდულო არარაობავ ოპოზიცია და ვისგანაც ტუფლის ფულს ელოდები, იმის საჭურისებს წარმოაჩენ ოპოზიციად", - წერს ჩერგოლეიშვილი.
„კანონისა და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის კრიტიკით გამოირჩევა, ამ ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა:
„თ. ჩერგოლეიშვილის „ლანძღვა" ვნახე ინგა გრიგოლიასადმი, ეს რაიმე ოპონირება, ან შენიშვნა კი არ არის, არამედ, აი, ბინძური ტროლები რომ მეტყველებენ - „ფსკერზე" მყოფი ტროლები ზუსტად იმ ლექსიკით ლანძღვაა, უნიჭო „ნასროლი" სხვა არაფერი. ოღონდ საქმე და უბედურება ის არის, რომ ეს თ. ჩერგოლეიშვილი „პოლიტიკოსად" ზის სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციაში.
- „უშიშროების საბჭოს ნერვიული მდივნის ფსიქოპათი ცოლი, ტალახი, გარეწარი - წლების წინ ბიზნესი „გაზპრომს" მიჰყიდა," - წერს ჩარკვიანი.