ნატალია ჯვარიძე
11.12.2025

პოლიტოლოგი იგორ კვესელევა ფიქრობს, რომ ევროპასთან ჩვენი ურთიერთობები დამთავრდა და იმასაც არ გამორიცხავს, საქმე იქამდე მივიდეს, ევროპის ელჩებმა საქართველო დატოვონ. „რეზონანსთან" საუბრისას ის მმართველი პარტიის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებსაც შეეხო და განაცხადა, რომ გარკვეული კანონები მისაღებია.

იგორ კვესელავა: მე ყოველთვის ვიძახდი, რომ პოლიტიკაში მიუღებელია, პოლიტიკური ლიდერი ასეთ კინკლაობაში შედიოდეს სხვა ქვეყნის ლიდერებთან თუ ელჩებთან. ეს არასწორია. საქართველოს ისტორიაში მსგავსი რამ არ ყოფილა, არც ერთ პერიოდში. ბიძინა ივანიშვილი არაფერს ამბობს და სხვებს ალაპარაკებს. ეს ერთგვარი ტაქტიკაა. საჭირო არ არის ასეთი ოფიციალური გამოსვები. საერთოდ პრესსამსახურების მეშვეობით უნდა აკეთებდნენ განცხადებებს. მიმაჩნია, რომ ახლა ამის დრო არ არის.

ევროპასთან ჩვენი ურთიერთობები დამთავრდა, ეს გადაწყვეტილია. ეს მაშინ მოხდა, როცა მთავრობის მეთაურმა ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი შეაჩერა. იმ წუთიდან ურთიერთობები დასრულდა. სწორედ მაშინ ვთქვი, რომ ამ შედეგს მივიღებდით. უფრო უარესიც არის მოსალოდნელი. არ გამოვრიცხავ, რომ ევროპის ყველა ელჩმა საქართველო დატოვოს, რადგან ასეთ პირობებში ურთიერთობები ვერ იძებნება. ეს არასწორი პოლიტიკის შედეგია.

ბიძინა ივანიშვილი უცნაურად დუმს. იმიტომ ხომ არა, რომ არსებული მთავრობის შესაცვლელად ემზადება?! სხვანაირად მისი ქცევების ახსნა არ მაქვს. ასე გაგრძელება შეუძლებელია. არა მხოლოდ დიპლომატიურად, ეკონომიკურადაც მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდებით.

„რეზონანსი": როგორ შეაფასებთ „ქართული ოცნების" მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებს განათლების სისტემაში?

ი.კ: ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი მაინც ვიყავი, რომელიც იძახდა, რომ განათლების სისტემა მთლიანად უნდა გარდაიქმნას. დღეს, რაც ქართულ სკოლებსა და უნივერსისტებში ხდება, საშინელებაა. უაღრესად დაბალი დონე აქვთ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. თუ ეს გამოსწორდება, მე მივესალმები, მაგრამ მეორე მხარეა - როგორ განხორციელდება. ჩვენ ძალიან ბევრი დაპირება მოგვისმენია, თუმცა ვერ შესრულდა. ამიტომ ხალხს არ სჯერა. სხვათაშორის, განათლების მინისტრის მიმართ ძალიან დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი. ვხედავ, რომ ნამდვილად უნდა, რაღაც გაკეთდეს, მონდომებულია. ვნახოთ როგორ განხორციელდება. ჯერ ეს იდეაა და სისტემაში ცვილება არ გვინახავს. ეს საქმე საქმის მცოდნემ უნდა გააკეთოს, ყველას ვერ გამოუვა. ერთი წელი მაინც დასჭირდება, მაგრამ იდეა კარგია. მე, როგორც საზოგადოების წევრი და პროფესორი, ამ წამოწყებას მხარს ვუჭერ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მთავარია რანაირად გაკეთდება.

„რ": „ოცნებამ" შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული კანონები კიდე უფრო გაამკაცრა. ამას როგორ შეაფასებთ? რამდენად მოახდენს გავლენას პროტესტზე?

ი.კ: ეს არის მათი აზრის გამოხატვა და ასევე, მოთხოვნა. ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რა არის თხოვნა და მოთხოვნა. ორივე შემთხვევაში შეძლებისდაგვარად მთავრობამ უნდა დააკმაყოფილოს. კანონში აქციის მონაწილეთა რაოდენობაზე საუბარი არ უნდა ყოფილიყო, რა შუაშია საერთოდ, არ მესმის. ხომ ხედავენ, ჯარიმებმა არ იმუშავა. პრობლემა არ აქვთ, წაიყვანენ და დასხდებიან ციხეში, 5-10 წელიწადს ხომ არ მისცემენ? ასეთი ძალადობით არაფერი გამოვა. საჭიროა დასხდომა, საუბარი და შეთანხმება. მე არ მახსოვს, რომ ხელისუფლებას ოპოზიციასთან შეხვედრის სურვილი გამოეთქვა. დამოკიდებულება - მარტო მე და ჩემი ნაბადი, არ გამოვა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×