
„ქართული ოცნება" მესამედ ამკაცრებს შეკრებისა და მანიფესტაციების კანონს, შეზღუდვები უკვე ტრიტუარებზეც გავრცელდება, ასევე აქციის ორგანიზატორებს აქვთ ვალდებულება გონივრულ ვადაში შეკრებასთან დაკავშირებით გააფრთხილონ როგორც მუნიციპალიტეტის მერია, ასევე პოლიციაც. ოპოზიცია პროტესტის ალტერნატიულ გზებზე საუბრობს, „ოცნებაში" კი ამტკიცებენ, რომ ეს შეზღუდვა თავად მოქალაქეების მოთხოვნა იყო, რადგან თავისუფლად გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ.
პარლამენტმა ეს ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად, მესამე მოსმენით 10 დეკემბერს მიიღო, თუმცა, ამის მიუხედავად, იმავე ღამეს პარლამენტის წინ აქცია მაინც გაიმართა, რაზედაც პროტესტის მონაწილეები ფეისბუქზეც წერდნენ, რომ აკრძალვების მიუხედავად აქციაზე მაინც გავიდნენ.
„გზის გადაკეტვის გამო ჯარიმის თანხის ოდენობა ათჯერ გაზარდეს. შემდეგ ამავე „სამართალდარღვევაზე" ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა გაზარდეს. შემდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა სისხლისსამართლებრივ დანაშაულად გამოაცხადეს. ახლა ტროტუარზე დგომა აგვიკრძალეს. ჩვენ მაინც აქ ვართ", წერს ფეისბუქ ჯგუფ „დაიტოვეში" აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც წარწერასთან ერთად 10 დეკემბრის პროტესტის ამსახველ ვიდეოსაც ავრცელებს.
რა იცვლება
ცვლილებებით, შეკრების ორგანიზატორს ეკისრება ვალდებულება, შეკრებისა ან მანიფესტაციის თაობაზე შსს გააფრთხილოს. გაფრთხილების მიღების შემდეგ, შსს-ს მიენიჭება უფლებამოსილება, შეკრების ორგანიზატორებს შესთავაზოს ჩატარების ადგილისა და სვლა-გეზის ცვლილება თუ ჩათვლის, რომ შეთავაზებული შეკრების ფორმა, ჩატარების ადგილი ან სვლა-გეზი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ტრანსპორტის ნორმალურ მუშაობას და ასევე ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას.
თუ სპონტანური ან არასპონტანური შეკრების მონაწილეების შსს მიერ შეთავაზებულ ადგილზე ან სვლა-გეზზე აქციის ჩატარებას არ დათანხმდებიან და მაინც იმ ადგილას ჩაატარებენ, მის მონაწილეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე, ორგანიზატორს კი 20 დღემდე ვადით. ანალოგიური ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, მონაწილეს ან ორგანიზატორს დაეკისრება უკვე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დაემუქრება ერთ წლამდე პატიმრობა.
ხელისუფლება და ოპოზიცია
- ლევან მაჭავარიანი: „მოქალაქეების მხრიდან ძალიან დიდი უკმაყოფილება მოდის. პირველ რიგში, ეს უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით მოდიოდა, რომ აქციის მონაწილეები ქუჩებს კეტავდნენ მაშინ, როცა მათი რაოდენობა საკმარისი არ იყო".
„ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ამ ყველაფერს ადეკვატურად ვუპასუხოთ. შესაბამისად, როცა რაღაცის გადაკეტვა ხელოვნურად ხდება, ეს იქნება სამანქანო გზის ნაწილი თუ ე.წ. ტროტუარი, ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ",- განაცხადა „ოცნების" დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა.
- ნუგზარ წიკლაური: „მიწისქვეშა გადასასვლელებში იქნება პროტესტი. პროტესტის ფორმებს მოვძებნით".
„მიწისქვეშა გადასასვლელებში იქნება პროტესტი. ჩვენი ხალხი შემოქმედებითი ხალხია, პროტესტის ფორმებს მოვძებნით. მთავარია, რომ პროტესტის მიზეზები არ არის აღმოფხვრილი", - განაცხადა „კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსთან".
ბოლო ცვლილების გავლენა პროტესტზე
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლება პრევენციულ ზომებს იმისთვის იღებს, რომ მიმდინარე გამოსვლები ერთ დღეს დიდი პროტესტის ეპიცენტრადარ იქცეს.
- „ხელისუფლება დიდი ხანია ცდილობს ამ საპროტესტო აქციას გასაღები მოუძებნოს და როგორმე დაასრულოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ეს პროტესტი მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ხელისუფლება ხვდება, რომ ეს შესაძლოა იყოს ის ნაღვერდალი, რომელიც ამ წუთში არ გიზგიზებს, მაგრამ სრულიად მოულოდნელად შეიძლება პროტესტის ცენტრად იქცეს. ამიტომაც უნდა ეს უხერხულობა მოიხსნას და ეს პროტესტი დაასრულოს.
„ამის გაკეთება ბევრჯერ სცადა სხვადასხვა მეთოდებით - იყო ჯარიმები, მერე გამკაცრებული რეჟიმი, ახლა კი უბრალოდ სეირნობის აკრძალვადმდეც მივიდნენ. ეს გზა რუსეთმა კარგა ხანია გაიარა და იქ ხელისუფლებას ყველაფერი რიგზე აქვს, მაგრამ „ქართული ოცნება" იგივეს განმეორებას საქართველოში რამდენად შეძლებს, ეს არის საკითხავი.
„პირველ ეტაპზე საზოგადოებას დიდი პრობლემა არ ექნება, მაგრამ მეორე ეტაპზე, რომელიც უკვე ერთწლიან სასჯელს ითვალისწინებს, აქ გამოჩნდებიან თუ არა მოხალისეები, რომ ამ სასჯელზეც წავიდნენ, ეს იქნება გადამწყვეტი მომენტი. თუ ათასი კაცი მაინც გამოჩნდება, რომელიც ამ რისკზე წავა, მაშინ ხელისუფლებას ეს გეგმა ჩაუვარდება. თუ ასეთი მხურველები არ გამოჩნდნენ, მაშინ ხელისუფლება შეძლებს ეს აქციები ამ ფორმით დაასრულოს, პროტესტის აღმოფხვრაზე არაა ლაპარაკი, პროტესტი დარჩება", - განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ კანონი კიდევ გამკაცრდეს.
„გაიმართოს აქციები და კანონით გათვალიწინებულ პასუხს აგებენ. ის ადამიანები რომლებიც ამას აკეთებენ, უცხოეთიდან ფინანსდებიან და დიდი ეჭვია, რომ ფინანსდებიან აქაურებისგანაც. როდესაც ხალხის შესაბამისი რაოდენობა იქნება, ქუჩა უნდა გადაიკეტოს, თუ შესაბამისი რაოდენობა არაა, მაშინ კანონით გათვალიწინებული ზომები უნდა გატარდეს.
„რაც შეეხება ტროტუარს, აქ ადამიანები არ დადიან? უბრალო მოქალაქეებს გადაადგილების უფლება არა აქვთ? როდესაც ჟივილ-ხივილით, ყვირილით ტარდება ასეთი რაღაცეები, აკაცუკი იქნება თუ სხვა, ყველამ კანონის პატივისცემა უნდა ისწავლოს, სადაც მათი უფლებებია, იქვე სხვისი უფლებებია.
- „იყო მოლოდინი, რომ ის შეაჩერებდა, რა კანონებიც იქნა მიღებული და მაინც თავისას აგრძელებენ, ამიტომ შეიძლება კიდევ უფრო გამკაცრდეს. დღეს ომის მდგომარეობაში ვართ, ჩემი გადასახედიდან ესენი არა მომიტინგეები, არამედ მეხუთე კოლონის წარმომადგენლები არიან. ამ ხალხს ომის დროს სხვანაირ პასუხს სცემდნენ, მაგრამ ვინაიდან დღეს დემოკრატიული და ჰუმანური სახელმწიფო ვართ, არსებული კანონის უფრო მეტი გამკაცრებით ვუპასუხებთ ჯერჯერობით და მერე ვნახოთ, პროცესები როგორ წარიმართება.
„კი ბატონო, შეუძლიათ მიწისქვეშა გადასასვლელიდან გათხარონ და გავიდენ ბრიუსელამდე, ბრიუსელიდან ლონდონამდე, მერე ბომბეიმდე, შექმნან სამკუთხედი. ამათი საქმე მაგონებს უსაქმო კაცისა და მახათის ამბავს, ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში არიან თავის ნუგზარ წიკლაურიანად", - განაცხადა გვენეტაძემ.