გამორიცხული არ არის, საქართველომ იაფი შუა აზიური ენერგორესურსები მიიღოს
თამარ ვეფხვაძე
11.12.2025

შუა დერეფნის საშუალებით, საქართველოს საზღვაო პორტებში დამატებითი ტვირთი თურქმენეთიდან და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებიდან შემოვა. შედეგად, საქართველოსა და თურქმენეთს შორის სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობა გაღრმავდება. რაც მთავარია, საქართველო ხელს შეუწყობს თურქმენული გაზის ტრანსპორტირება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გავლით. ესაა ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური გადაწყვეტილებები, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ოფიციალურ ვიზიტს მოჰყვება. ეკონომისტების  განცხადებით, ყველა ეს პროექტი რეალურია, რადგან აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, საქართველოს ბუნებრივი და მნიშვნელოვანი გზაჯვარედინის ფუნქცია აქვს. 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერი მონაწილეობს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ ფორუმში, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება. აღსანიშნავია, რომ წელს, მთავრობის მეთაური თურქმენეთში უკვე მესამე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 

ფორუმის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტს, სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ყურადღება დაეთმო სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და შუა დერეფნის მეშვეობით, ცენტრალური აზიიდან საქართველოს საზღვაო პორტების მიმართულებით, დამატებითი ტვირთების მოზიდვას.

რაც მთავარია, პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას. ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

როგორც ჩანს, პრემირი და მისი გუნდი ახალი კავშირების დამყარებაზე სერიოზულად მუშაობენ. პოლიტოლოგი დავით ჩიხელიძე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ყველა ის პროექტი, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა განიხილეს, მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ თურქმენეთს აქვს საკმაოდ დიდი ბუნებრივი რესურსები.

„სამთავრობო დელეგაციის წინა ვიზიტის დროს, თურქმენული გაზის შესაძლო შესყიდვაც განიხილეს. იქიდან გამომდინარე, რომ ახლაც საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრები იყო, შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ მიმართულებითაც განახლდეს, რადგან თურქმენეთი ჩვენთვის ძალიან საინტერესო პარტნიორია. 

თურქმენული ბუნებრივი აირი იაფია. ამ ეტაპზე, ჩვენ გაზს ვყიდულობთ რუსეთისგან და აზერბაიჯანისგან, თურქმენეთიც თუ დაემატება, გვექნება დივერსიფიკაციის შესაძლებლობა და უფრო მეტად დამოუკიდებლები ვიქნებით, ხოლო გაზის ფასის მიხედვით, გარკვეული ლავირების შესაძლებლობა მოგვეცემა. 

გარდა ამისა, ბოლო წლებში, თურქმენული ინვესტიციები საქართველოში საკმაოდ მზარდია. ვინაიდან ეს ქვეყანა მდიდარია თავისი ბუნებრივი რესურსებით, საინტერესოა მათი საინვესტიციო პროექტები საქართველოში“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას დავით ჩიხელიძემ. 

მართალია, ირაკლი კობახიძე მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობს, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილეს ეძღვნება, მაგრამ სტატისტიკოსი ნოდარ კაპანაძე „რეზონანსთან“ საუბრისას ყურადღებას ამახვილებს, რომ ფორუმი ზუსტად ესადაგება შუა დერეფნის კონცეფციას. შესაბამისად, ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამის გამოც.

„ფაქტია, რომ თურქმენეთი შუა დერეფნით დაინტერესებული ერთ-ერთი ქვეყანაა. საერთოდ, ეს კორიდორი მხოლოდ ჩინეთისთვის არ არის მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, ეს არის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის ევროპის ბაზრებზე გასასვლელი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის გავლით კავშირი უკრაინასთან საომარი მოქმედებების, ასევე პოლონეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან რუსეთის დაძაბული ურთიერთობის გამო, ფაქტობრივად, დაკეტილია, საქართველო რჩება ერთადერთ არტერიად, საიდანაც შუა დერეფნის მეშვეობით, ცენტრალური აზიის ქვეყნები ევროპას დაუკავშირდებიან“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნოდარ კაპანაძემ.  

რაც შეეხება თურქმენული გაზის საქართველოს გავლით ტრანსპორტირებას, ნოდარ კაპანაძემ აღნიშნა, რომ მილსადენის საშუალებით, ჩვენი ქვეყანა პირდაპირ უკავშირდება გაზის უმსხვილეს მომწოდებელს - რუსეთს. გარდა ამისა, საქართველო ბუნებრივ აირს ყიდულობს აზერბაიჯანიდანაც, ამიტომ ამ მხრივაც, საქართველო თურქმენეთისთვის მნიშვნელოვანი გზაჯვარედინია. 

„რასაკვირველია, ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის საქართველო უმნიშვნელოვანესი დამაკავშირებელი ჰაბია დასავლეთთან და მათ შორის, აფრიკასთანაც. ჩვენი ქვეყანა აღმოსავლეთ-დასავლეთის მნიშვნელოვანი გზაჯვარედინია და ეს ფაქტია“, - განაცხადა ნოდარ კაპანაძემ. 

ვიზიტის მნიშვნელობას ხაზს უსვამს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც, რომლის ინფორმაციითაც უკვე შედგა შეხვედრა როგორც თურქმენეთის უმაღლეს პირებთან, ასევე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთანაც.

"ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი დღის წესრიგი ამ ქვეყანასთან და მნიშვნელოვანია, რომ უმაღლეს დონეზე იყოს ის საკითხები განხილული, რაც შეეხება ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს. აზერბაიჯანი არის მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველოსთვის და ის მჭიდრო ურთიერთობები ასევე საჭიროებს ყოველდღიურ რეჟიმში უმაღლეს დონეზე პოლიტიკურ დიალოგს.

ეს საჭირო და მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებისთვის. ამ შეხვედრების ფარგლებში, პირველ რიგში, განხილული იქნება ის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და თემები, რაც დგას აქტიურად საქართველოს ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×