
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმმა გიორგი ჭინჭარაულმა 3-გზის ოლიმპიურ ჩემპიონზე, ლაშა ტალახაძის სპორტში შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ტალახაძეს აქტიურ სპორტში დაბრუნება სურდა და შესაბამისი გამოკვლევებიც ჩაიტარა, თუმცა როგორც მან დასძინა, სპორტსმენს საფრთხე ფიზიკურზე მეტად, ფსიქოლოგიური კუთხით შესაძლოა შეჰქმნოდა.
„ლაშას დაბრუნების ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა და ორი-სამი თვის წინ მოინდომა, რომ ჩაეტარებინა გამოკვლევები, რის შემდეგაც მითხრა, რომ შედეგებს გამომიგზავნიდა და თუ ისეთი დიაგნოზი იქნებოდა, რომ ფიზიკური კონდიციები მას საშუალებას მისცემდა ვარჯიში განეახლებინა, ამას აუცილებლად გააკეთებდა.
გადაიღო სურათები მუხლზე, წელზე და როდესაც შედეგებს თვალი გადავავლე, ვუთხარი, რომ ყოფილიყო იქ, სადაც ახლა არის (იცინის).
ფიზიკურად კიდევ შეიძლება მოახერხოს, რადგან შესაძლოა ტკივილს გაუძლოს, მაგრამ ფსიქოლოგია არ მისცემს ამის საშუალებას, თორემ მე ვინც ყველაზე ძალიან სპორტში მენატრება, ეს სწორედ ლაშა ტალახაძეა“, - აღნიშნა გიორგი ჭინჭარაულმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე