
საერთაშორისო ასპარეზზე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიება ყველა ქვეყნის პოზიციებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა წარიმართოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშხაბადში, მშვიდობისა და ნდობის წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გასული 2025 წელი გაერომ მშვიდობისა და ნდობის წლად გამოაცხადა. 80 წლის წინ შექმნილი ეს ორგანიზაცია, ღირსეულად აგრძელებს თავისი მისიის შესრულებას და, ფაქტობრივად, წარმოადგენს უნიკალურ, ხშირად ერთადერთ მექანიზმს ინტერესთა საერთაშორისო ბალანსის უზრუნველსაყოფად. რაც მთავარია, ის ხელს უწყობს რთული პრობლემების შეთანხმებული გადაწყვეტილებების პოვნას, ყველა ქვეყნის პოზიციებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით. დარწმუნებულები ვართ, რომ სწორედ ამ ლოგიკით, გაეროს წესდების პრინციპების საფუძველზე, მრავალპოლარული სამყაროს ახალ ეპოქაში შესაძლებელი და აუცილებელია ავაშენოთ სახელმწიფოებს შორის ჭეშმარიტად გულწრფელი, ღია და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები“, - განაცხადა პუტინმა.
ამასთან, ვლადიმერ პუტინმა მეგობარი თურქმენეთის ხალხს ნეიტრალიტეტის დღე მიულოცა.
,,სიმბოლურია, რომ ზუსტად სამი ათწლეულის წინ, 12 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ოფიციალურად აღიარა თქვენი სახელმწიფოს ნეიტრალური სტატუსი. ეს დღე თურქმენეთში ეროვნულ დღესასწაულად აღინიშნება და სწორედ ეს დღე გამოაცხადა გაერომ შემდგომში, ჩვენი თურქმენი მეგობრების ინიციატივით, საერთაშორისო ნეიტრალიტეტის დღედ. მინდა მთელი გულით მოგილოცოთ თქვენ და ყველა ჩვენს თურქმენ მეგობარს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთი მხარს უჭერს აშხაბადის დეკლარაციას და მის ერთგულებას გაეროს წესდებით გათვალისწინებული საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი პრინციპების მიმართ.
„მსურს, მაღალი შეფასება მივცე ჩვენი თურქმენი კოლეგების მიერ მომზადებული აშხაბადის დეკლარაციის პროექტს. ის ამ ფორუმზე ჩვენი ერთობლივი მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგი იქნება. რუსეთი ცალსახად უჭერს მხარს ამ დოკუმენტს და მის მტკიცე ერთგულებას გაეროს წესდებით გათვალისწინებული საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი პრინციპების მიმართ. მათ შორისაა მშვიდობიანობა და სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობა, ქვეყნებისა და ხალხების უფლებების პატივისცემა საკუთარი ზრდის, განვითარების მოდელის, საკუთარი მსოფლმხედველობის, ტრადიციებისა და რელიგიის მიმართ“, - აღნიშნა პუტინმა.
2025 წელის მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლად გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე, თურქმენეთის ინიციატივით გამოცხადდა. შესაბამის რეზოლუციას მხარი 86-მა ქვეყანამ დაუჭირა.