
სტრასბურგის გადაწყვეტილებამ 20 ივნისის საქმეზე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვაობა გამოიწვია: ოპოზიციაში ამბობენ, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტი სისტემას საბოლოოდ ამხელს, გახარიას პარტიაში კი ექსპრემიერის უდანაშაულობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათი ლიდერის მიმართ ქართული პროკურატურის ბრალდება შეთითხნილია.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა. საქმეში „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" სახელმწიფომ ორ განმცხადებელს მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 75 000 ევრო უნდა გადაუხადოს, ხოლო კიდევ ორს - 85000 ევრო.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ყველა მომჩივანს არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის სხვადასხვა რაოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს.
გავრილოვის ღამის დროს პრემიერი გიორგი გახარია იყო. 13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
„შეთითხნილი ბრალდება"
გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ" 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ გიორგი გახარიას მიმართ პროკურატურის ბრალდება შეთითხნილია"- ვკითულობთ პარტიის განცხადებაში.
როგორც დეპუტატმა გიგა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იმის დასტურია, რომ გახარიას წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური შურისძიებაა.
„ვკითხულობ ციტატას სტრასბურგის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებიდან: „საქმის მასალების მიხედვით, სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს (მინისტრს - გახარიას და მის მოადგილეებს) კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების (რეზინის ტყვიების) გამოყენების ბრძანება არ გაუციათ." შესაბამისად, ისმის მთავარი კითხვა - ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების დავალება?!
- გიორგი ჭანტურია: „ლოგიკურია კითხვაა, თუ მაშინდელ შს მინისტრ გიორგი გახარიას და მის არცერთ მოადგილეს რეზინის ტყვიების გასროლის ბრძანება არ გაუცია, მაშინ ვინ გასცა ეს დავალება?!"
"ჩვენ ჭორაობა არც 2019 წელს დაგვიწყია და არც ახლა ვაპირებთ. როგორღაც 6 წელია თავს ვიკავებთ ჭორაობისგან იმიტომ, რომ არ არის ეს ჩვენ სტილი. ამას სჭირდება გამოძიება," - განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ჭანტურიამ.
ამასთან, სახელმწიფომ 22 მომჩივანს ხარჯების ასანაზღაურებლად 38,414.99 ევრო უნდა გადაუხადოს. სახელმწიფომ მომჩივნებს ზარალი გადაწყვეტილების გამოტანიდან სამი თვის ვადაში უნდა აუნაზღაუროს
„გახარიას პარტიას რა გაუხარდა?"
მმართველ გუნდში ამბობენ, რაიმე აქ განსაკუთრებული სიახლე არ არის. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს დიდი პალატის გადაწყვეტილება იყო, რომელმაც მანამდე გამოსული გადაწყვეტილება დაადასტურა.
„ამიტომ, ამ მხრივ რამე განსაკუთრებული სიახლე არ ყოფილა. სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო დამატებითი გამოძიება საქართველოს პროკურატურამ. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილი ყველა გარემოებების გათვალისწინებით, გიორგი გახარიას წარედგინა ბრალი, მათ შორის წინასწარი პატიმრობა შეეფარდა."
პაპუაშვილმა დასძინა, რომ არ იცის გახარიას პარტიას რა გაუხარდა.
„გუშინ გამოხმაურებებიც ვნახე, მე არ ვიცი, გახარიას პარტიას რა გაუხარდა ამ გადაწყვეტილებაში. რაღაც, ძალით კარგი პოზიციის შენარჩუნება სურთ. საუბრობდნენ, რომ გახარიას არ გაუცია ბრძანება, ეს წერია გადაწყვეტილებაშიო. ეს არ წერია. სასამართლომ კი არ დაადგინა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არის ქართულ გამოძიების, ასე ვთქვათ, ფაქტები კონსტატირებული. მანამდე, გახარიას ხელში წარმოებული გამოძიება რაც იყო, ზუსტად იქ იყო, რომ ის არაფერ შუაში იყო. სტრასბურგის სასამართლომ სწორედ ეს დარღვევა დაადგინა, რომ არ იყო სათანადოდ გამოძიებული ეს საკითხი და საქართველოს გამოძიება დაავალა," - განაცხადა პაპუაშვილმა
„სისტემა მხილებულია"
ოპოზიციონერები სტრასსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდ გამარჯვებად აცხადებენ, ამბობენ, რომ სისტემა მხილებულია. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის აზრით, იმ დროს „სუპერ ძალოვან მიისტრ გახარიას" ბევრჯერ ჰქონდა შანსი ეთქვა, თუ რა მოხდა 20 ივნისის ღამეს.
„ქართველი ხალხისთვის ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა. ...ეს უპირველესად არის, „ქართული ოცნების" ძალადობის რეჟიმის, ომის რეჟიმის პასუხისმგებლობა. დაგვავიწყდა გახარიას რომ აქებდნენ? ყველაზე სუპერ ძალოვანი მინისტრიო, რომ ამბობდნენ, შემდეგ პრემიერ-მინისტრად გადაიყვანა ბიძინა ივანიშვილმა. ეს არის „ქართული ოცნების" რეჟიმის პასუხისმგებლობა. გახარიას ჰქონდა ბევრჯერ შანსი რეალურად ეთქვა რა მოხდა 20 ივნისს. ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ძალადობა გამოიყენა. მან ეს შანსი არ გამოიყენა. არ ვიცი რატომ," - თქვა დეკანოიძემ.
„დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება, „გარდა 20 ივნისისა, არის დიდი იარაღი დღევანდელი ბრძოლისთვის - სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე".
სამართალს ვერ გაექცევი, ამის ყოველთვის მჯეროდა და ახლაც მჯერა. მახსოვს ყველა „ქოცის", ყველა პროპაგანდისტის ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, უტიფრობა, „გაპრავება", დაჭერები, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე როგორ იზეიმა სიმართლემ სტრასბურგის სასამართლოში," - წერს ხოშტარია.