მარიამ ვეკუა
12.12.2025

უკრაინა ტრამპის „დახვეწილი 28 პუნქტით" უკმაყოფილოა, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, ტერიტორიული საკითხი მხოლოდ რეფერენდუმმა ან არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს, აშშ-ს პრეზიდენტი, როგორც ჩანს, ისევ იმადგაცრუებულია. ხუთშაბათს, ოვალურ კაბინეტში განაცხადა, რომ დროის დაკარგვას აღარ აპირებს, რუსული მხარე კი ამტკიცებს, რომ დონბასზე ადრე თუ გვიან მთლიანად დაიპყრობს.

მოლაპარაკებების პარალელურად, ფრონტის ხაზზე ცვლილებებია, ბრძოლა კუპიანსკისთვის გრძელდება

აშშ ამ შაბათ-კვირას ევროპაში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად წარმომადგენელს გაგზავნის, განაცხადა დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ „ბევრი დროის დაკარგვა" არ სურს. ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა:

„ჩვენ შაბათს ევროპაში შეხვედრას დავესწრებით თუ ჩავთვლით, რომ კარგი შანსია, არ გვინდა ბევრი დროის დაკარგვა".

მოსკოვსა და კიევს შორის გამართული რამდენიმეთვიანი შუამავლობის შემდეგ, ტრამპი „ორივე მხარით უკიდურესად იმედგაცრუებულია" განუცხადა პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა ჟურნალისტებს.

ამასობაში , ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია, კიევში ჟურნალისტებთან საუბრისდროს ზელენსკიმ ტრამპის გეგმის ქმედითუნარიაობაკითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ირწმუნება, რომ ტერიტორიების საკითხი უკრაინელმა ერმა უნდა გადაწყვიტოს არჩევნებით ან რეფერენდუმით.

„ვთვლი, რომ ამ კითხვაზე უკრაინელმა ერმა უნდა გასცეს პასუხი. არჩევნების ფორმატში ან რეფერენდუმის ფორმატში, მაგრამ ეს უკრაინელი ერის პოზიცია უნდა იყოს," - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამერიკული მხარე კიევს დონბასის ნაწილში ე.წ. „თავისუფალი ეკონომიკური" ზონის, ანუ, როგორც რუსები უწოდებენ, „დემილიტარიზებული" ზონის შექმნას სთავაზობს.

უფრო კონკრეტულად, ამ გეგმის თანახმად, უკრაინული ჯარები ტერიტორიის ნაწილიდან უნდა გავიდნენ, ხოლო რუსული ჯარები იქ არ უნდა შევიდნენ. ზელენსკი ამბობს, რომ ეს მოდელი უკრაინის ინტერესებში არ შედის, რადგან სამართლიანია შეხების ხაზზე დარჩენა, თუმცა დიალოგი გრძელდება და კიევი პარიტეტისა და უსაფრთხოების გარანტიებზე დაფუძნებულ სამართლიან გადაწყვეტილებებს ეძებს.

ზელენსკის თქმით, ტერიტორიებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება სამართლიანი უნდა იყოს და ხალხის პოზიციას ეფუძნებოდეს.

„ვნახოთ, შემდგომ როგორ მოხდება ეს ყველაფერი. ახლა ვთვლი, რომ რეალურად ბევრი რამ დამოკიდებულია ჩვენს ჯარზე. რისი შეკავება შეუძლიათ უკრაინელ სამხედროებს, როგორ შეუძლიათ დგომა, სად შეუძლიათ ოკუპანტის განადგურება. ამას მთელ დიპლომატიურ კონსტრუქციაზე აქვს გავლენა".

რას ამბობს რუსული მხარე

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, დონბასი ადრე თუ გვიან რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ მოექცევა.

„ადრე თუ გვიან, თუ არა მოლაპარაკებების გზით, მაშინ სამხედრო გზით, ეს ტერიტორია რუსეთის ფედერაციის სრული კონტროლის ქვეშ მოექცევა. ყველაფერი დანარჩენი ამაზე იქნება დამოკიდებული", - განაცხადა უშაკოვმა

მისი თქმით, საბოლოოდ, დონბასში შესაძლოა ჯარები არ იყვნენ, მაგრამ იქნება რუსეთის ეროვნული გვარდია და ყველაფერი, რაც წესრიგის შესანარჩუნებლად არის საჭირო.

„ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ უკრაინული ჯარების გასვლის შემდეგ შეიძლება. ხოლო რა მოხდება იქ შემდეგ - ჩემი აზრით, ეს არის ის, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ. რადგან სრულიად შესაძლებელია, რომ იქ არავის ჯარი აღარ იყოს, არც რუსული და არც უკრაინული. დიახ, მაგრამ იქ იქნება ეროვნული გვარდია, ჩვენი პოლიცია, ყველაფერი, რაც წესრიგის შესანარჩუნებლად და ცხოვრების ორგანიზებისთვის არის საჭირო", - აღნიშნა უშაკოვმა.

ამასთან უშაკოვის თქმით გამორიცხული არ არის, რომ უკრაინის პრეზიდნეტმა არჩევნების ჩატარება დროებითი ცეცხლის შეწყვეტისთვის გამოიყენოს

„გამორიცხული არ არის, რომ მან ეს უბრალოდ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შესაძლებლობად განიხილოს. სულ ესაა", - განაცხადა უშაკოვმა.

ამასთან, მან სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსკოვს ჯერ არ უნახავს აშშ-ის სამშვიდობო გეგმის გადამუშავებული ვერსიები.

„ჩვენ არ გვინახავს ამერიკული გეგმების გადამუშავებული ვერსიები", - განუცხადა უშაკოვმა ჟურნალისტებს.

რა ხდება ფრონტზე - ბრძოლა კუპიანსკისთვის

მოლაპარაკებების პარალელურად ფრონტზე ვითარება ისევ მწვავდება. ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს, წერს, რომ ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი ცვლილებებია.

„მნშვნელოვანი ცვლილებებია ფრონტის ხაზზე უკრაინაში. 20 ნოემბერს რუსულმა გენშტაბმა და პუტინმა საზეიმოდ გამოაცხადეს, უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი ავიღეთო. სერიოზული ზეიმი ჰქონდათ რუსებსა და მათ მოკავშირეებს, რადგან სწორედ 2022 წელს უკრაინული კონტრშეტევის შედეგად ერთ-ერთი მთავარი ქალაქი იყო, რომლის დაბრუნებაც შეძლო კიევმა და ამით სრულიად გაანეიტრალა რუსული საფრთხე ხარკოვის ოლქში. მას შემდეგ, თითქმის სამი წელი უტევდნენ რუსები კუპიანსკის მიმართულებაზე.

ცხადია, ამა წლის 20 ნოემბერს რუსებს ქალაქი არ ჰქონდათ აღებული და მათი მხრიდან საჯარო განცხადებები უსაფუძვლო ტრაბახი იყო, რადგან ქალაქის მინიმუმ ნახევარი კვლავ უკრაინელთა ხელში გახლდათ. მაგრამ ახლა კი ნამდვილად ღიმილისმომგვრელი სიტუაციაა იქ: ბოლო 48 საათში უკრაინელებმა რუსები ქალაქში ალყაში მოაქციეს და მისი წმენდა მიმდინარეობს. უტევენ როგორც უკრაინელები, ისე საერთაშორისო ლეგიონის წევრები, მათ შორის კოლუმბიური და ბრაზილიური დანაყოფები, რომელთაც ცენტრი უკავიათ (გამორჩეულად ბევრი სამხრეთ ამერიკელი იბრძვის უკრაინის მხარეს). ჩრდილოეთიდან უკრაინის სახმელეთო ძალების სარდლობა უტევს. „

კობერიძის თქმით, თუ ბრძოლა კუპიანსკისთვის უკრაინის გამარჯვებით დასრულდება ეს წლის ერთ-ერთი გამორჩეული გამარჯვება იქნება,

‘თუკი კუპიანსკისათვის ბრძოლა უკრაინელთა გამარჯვებით დასრულდება ეს იქნება არა მხოლოდ ამ წლის ერთ-ერთი გამორჩეულად მნიშვნელოვანი გამარჯვება უკრაინისათვის, არამედ დიდი პოლიტიკური და პიარული დარტყმა რუსეთისათვის. სავარაუდოა, რუსეთი შეეცდება ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მიშველებას ალყაში მოქცეული რუსული ნაწილებისათვის, მაგრამ ვნახოთ შეცვლის თუ არა ეს იმ მძიმე ვითარებას, რომელშიც რუსები გაეხვნენ," - წერს კობერიძე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×