
დღეს პაპუაშვილს უთქვამს, რა უხარიათ გახარიას პარტიის წარმომადგენლებსო - როგორც ჩანს, შალვა პაპუაშვილს საკუთარი პროკურატურაც არ აძლევს ინფორმაციას და არაფრად არ აგდებს მას. პროკურატურა გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ნაწილში არ ედავება, - ასე უპასუხა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კომენტარს.
ბუჩუკურმა პაპუაშვილს მიმართა და უთხრა, რომ სანამ რაიმეს იტყვის, პროკურატურას ჰკითხოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ნათქვამს გიორგი გახარიას სასარგებლოდ გამოიყენებენ.
„სტრასბურგის დიდი პალატის გადაწყვეტილებას გიორგი გახარიას ადვოკატი საქმეში ჩადებს და გიორგი გახარიას უდანაშაულობის მტკიცებულებად გამოიყენებს, რადგან გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმე შეთითხნილი არის.
დღეს პაპუაშვილს რაღაც ინტერპრეტაციები გაუკეთებია, რა უხარიათ გახარიას პარტიის წარმომადგენლებსო. როგორც ჩანს, შალვა პაპუაშვილს საკუთარი პროკურატურაც არ აძლევს ინფორმაციას და არაფრად არ აგდებს მას. პროკურატურის ბრალის დადგენილებაში ვკითხულობთ შემდეგ ციტატას: „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოქალაქეთა მიმართ დაიწყეს არალეტალური იარაღიდან რეზინის ტყვიების გამოყენება, რაც ცნობილი გახდა გიორგი გახარიასთვის“. თვითონ ამბობენ, რომ გიორგი გახარიასთვის შემდეგ გახდა ცნობილი, ამიტომ ამ ნაწილს პროკურატურაც ვერ ედავება და პაპუაშვილს და მისთანებს მე ვურჩევდი, რომ საკუთარ პარტიულ პროკურატურას მაინც ჰკითხონ, რომ რამე სისულელე არ თქვან, რასაც ჩვენ მერე გიორგი გახარიას სასარგებლოდ გამოვიყენებთ“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
მისივე თქმით, გახარიას ადვოკატს ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვის შუამდგომლობა აქვს მოთხოვნილი. როგორც ბუჩუკურმა განმარტა, გიორგი გახარიას აქვს ეჭვი, რომ 20 ივნისს, მისი გვერდის ავლით, მოხდა გარკვეული სახის ჩარევა.
„გიორგი გახარიას ადვოკატს ოფიციალური შუამდგომლობით მოთხოვნილი აქვს პროკურატურის მხრიდან, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვა. საუბარი მაქვს 20 ივნისზე. რა თქმა უნდა, ეს მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოიკითხება, არ გვაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ გროვდება, ჩვენ ხომ კანონზე გვაქვს საუბარი, ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ მუდმივად იქნება ხელისუფლებაში.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის თუ ნებისმიერი სხვა ადამიანის როლს, აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება ჩატარდება ამ საქმეზე და ვის რა როლი ჰქონდა, ვინ რა დავალება გასცა, ეს დადგინდება. დავალება ვინ არ გასცა, ეს ხომ სტრასბურგში დადგინდა. რეზინის ტყვიების გამოყენება გახარიამ და მისმა მოადგილეებმა რომ არ გასცეს, ეს უკვე სამართლებრივად დადგენილი ფაქტია. დანარჩენზე ობიექტური გამოძიება ჩატარდება.
გეტყვით, რატომ არის მოთხოვნილი ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვა - ის ახლა არაფორმალურად მართავს ქვეყანას, მაგრამ მაშინ ის ოფიციალურად იყო მმართველი პარტიის ხელმძღვანელი ანუ ყველაზე დიდი პოლიტიკური ზეგავლენის მქონე ადამიანი იყო. 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სამი გადაწყვეტილება არსებობს. მეორე გადაწყვეტილებაში სტრასბურგი საუბრობს კონტექსტზე, რომ ამ საქმეში ფართო კონტექსტი არის დასადგენი. ფართო კონტექსტის შესახებ გიორგი გახარიამ თავად ისაუბრა, როდესაც ის იყო საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგენილი. მან საზოგადოების წინაშე ახსნა, როგორც მისი გადადგომის ღამეს ჩარევა მოხდა გადაწყვეტილებებში და „ქართული ოცნების“ წევრებმა მოულოდნელად აზრი შეიცვალეს, სწორედ იმ ადამიანებმა, რომლებიც გიორგი გახარიას ეთანხმებოდნენ (ნიკა მელიას დაკავების ეპიზოდზე მაქვს საუბარი), რა თქმა უნდა, გახარიას უჩნდება ეჭვი, რომ ზუსტად ასეთი ჩარევა, მისი გვერდის ავლით, შეიძლებოდა მომხდარიყო 2019 წელის 20 ივნისსაც“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.