უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, რუსტემ უმეროვმა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელთან, კეშ პატელთან საიდუმლო შეხვედრები გამართა. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ბოლო პერიოდში უმეროვმა მაიამიში, სულ მცირე, სამჯერ იმოგზაურა დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლებთან – სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, გამოცემის წყაროების თქმით, ამერიკაში ყოფნის დროს უმეროვმა დახურული შეხვედრები გამართა გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელთან და მის მოადგილესთან.
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ეს შეხვედრები დასავლელ მაღალჩინოსნებში შეშფოთებას იწვევს.
როგორც გამოცემა წერს, ზოგიერთი მათგანის შეფასებით, უმეროვი და სხვა უკრაინელი მაღალჩინოსნები შეხვდნენ პატელს იმ იმედით, რომ დაიცვან თავი კორუფციული ბრალდებებისგან. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ახალი კომუნიკაციის არხი შესაძლოა, გამოიყენონ ზელენსკის მთავრობაზე ზეწოლისთვის, აიძულონ უკრაინა, მიიღონ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც უკრაინის მხრიდან დიდ დათმობებს გულისხმობს.
აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოლგა სტეფანიშინამ დაადასტურა, რომ უმეროვი შეხვდა კაშ პატელს. როგორც სტეფანიშინამ გამოცემას განუმარტა, მათ „მხოლოდ ეროვნული უშიშროების საკითხები განიხილეს“, რომლებიც არ შეიძლება, გასაჯაროვდეს.