რეზონანსი
13.12.2025

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, 8-12 დეკემბერს, ევროპის საბჭოს ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ კონვენციის (ბერნის კონვენცია) მუდმივმოქმედი კომიტეტის 45-ე სხდომა გაიმართა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომის მონაწილეებმა ბიუროს და კომიტეტის თავმჯდომარედ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი აირჩიეს. კარლო ამირგულაშვილი ბიუროს ვიცე-თავმჯდომარის პოზიციაზე 2021 წლიდან მუშაობდა.

ბერნის კონვენცია გარემოს დაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმებაა. შესაბამისად, აღნიშნულ პოზიციაზე საქართველოს წარმომადგენლის დანიშვნა ხელს შეუწყობს საქართველოს აქტიურ წარმოჩენას ევროპის კავშირის სტრუქტურებში, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების ეფექტიან შესრულებას, საქართველოში კონვენციის დანერგვასა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას.

მნიშვნელოვანია, რომ კონვენციის დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში ზურმუხტის ქსელი შეიქმნა. 2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში, ზურმუხტის ქსელის ფართობი 1 307 501 ჰექტარს შეადგენს და 66 ტერიტორიისგან შედგება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ზურმუხტის ქსელის ტერიტორიების მართვის გეგმების შემუშავება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×