რეზონანსი
13.12.2025

ძალიან მოკლე ფეხები აღმოაჩნდა ამ ტყუილს, ძალიან კარგად იყო დაგეგმილი თავად უნისონი, რომელშიც მოქმედებენ ეს ორგანიზაციები თუ ცალკეული ადამიანები, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ონლაინ გამოცემა For.ge-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა გია იაკობაშვილმა BBC-ის ფილმზე საუბრისას.

მისი თქმით, თუ „კამიტი“ იყო გამოყენებული, ერთი წელი გავიდა, თავიც არავის ასტკივებია.

„ახლა დაიწყეს ლაპარაკი ერთი კვირის წინ, რომ თურმე ვიღაცას ცრემლები წამოუვიდა, ვიღაცის თუთიყუშს ბუმბული გასცვივდა და ვიღაცის ძაღლი პატრონს ვერ ცნობს.

ჩანდა, რომ ეს პროცესი დადგმული იყო, მაგრამ ისიც ჩანდა, რომ ძალიან ნაჩქარევად იყო თვითონ ეს პროცესი დადგმული და ამ ფილმის სიუჟეტი გაკეთებული. ჩვენ ვიცით, რომ ამ აირის გავრცელებასთან ერთად ფაქტობრივად ადამიანები რამდენიმე წუთში იღუპებოდნენ და იღუპებოდნენ საშინელი სიკვდილით.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ წლების განმავლობაში ისეთი ტყუილები და ისეთი მასშტაბის ტყუილები იკადრეს, რომ საზოგადოებას უკვე იმუნიტეტი გაუჩნდა, მათი აღარავის არ სჯერა. ვინც იგონებს ამ ტყუილებს, ისევ თვითონ იჯერებენ ამას ალბათ, თუმცა, შესაძლოა თვითონაც არ იჯერებენ“, - აღნიშნა გია იაკობაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, გამოყენებული იყო ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას, ხოლო „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია.

BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×