
დატოვებს თუ არა უკრაინის ჯარი დონეცკის ოლქის იმ ტერიტორიას, რომელსაც ამ დრომდე კიევი აკონტროლებს - დონეცკის ოლქში ე.წ. თავისუფალი ეკონომიკური, თუ დემილიტარიზებული ზონის შექმნის იდეა, სამშვიდობო გეგმის ამერიკული ხედვის ნაწილია. შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ეს შეთავაზება რეალურად იმუშავებს.
დონალდ ტრამპი საომარ მოქმედებებში ჩართული მხარეების გამო იმედგაცრუებულია. თეთრის სახლის პრესმდივანმა თქვა, რომ ტრამპს აღარ სურს უშედეგო საუბრები და მას მხოლოდ მოქმედება და ომის დასრულება უნდა. დონალდ ტრამპი განსაკუთრებულად უკმაყოფილოა უკრაინის პრეზიდენტით. ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ ზელენსკისგან განსხვავებით, "უკრაინელ ხალხს შეთანხმების პროექტი მოსწონს". თავად ზელენსკიმ, მოლაპარაკებების პროცესში სადავო საკითხებად - დონეცკის ოლქის მომავალი სტატუსი და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კონტროლი დაასახელა. ვიდრე სამშვიდობო შეთანხმების შესახებ უკრაინული მხარის ოფიციალური პოზიცია გაირკვევა, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი პარტნიორებს კვლავ მხარდაჭერას და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას სთხოვს.
რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით, ევროკავშირმა რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია 210 მილიარდ ევრომდე აქტივებზე, რომელიც ევროკავშირის ზონაში დარჩება იქამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინისთვის მიყენებულ ზიანს არ აანაზღაურებს.
ერთიანობა, რომელზეც ევროპელი ლიდერები ამახვილებენ ყურადღებას, არცთუ მყარი აღმოჩნდა. გადაწყვეტილებას რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის თაობაზე, თავად ევროკავშირში აქტიურად ეწინააღმდეგებიან. უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებისთვის ეს შეთანხმება უკანონოა და მხოლოდ ერთ მიზანს - ბრიუსელის მხრიდან უკრაინაში ომის გახანგრძლივებას ემსახურება.
უკრაინაში საომარი მოქმედებებისა და სამშვიდობო გეგმის პერსპექტივის შესახებ უფრო მეტი, მომავალ კვირაში გაირკვევა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათს, ბერლინში, ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლებს - სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდება. "აქსიოსის" ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობას ევროპელი ლიდერებიც მიიღებენ. გამოცემა ასევე იტყობინება, რომ დონბასის დათმობის სანაცვლოდ, აშშ უკრაინას ნატოს მეხუთე მუხლზე დაფუძნებულ უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს.