
როდესაც ბელარუსიც კი უფრო დემოკრატიულად გამოიყურება, ვიდრე საქართველო, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელარუსის მიერ სხვადასხვა ეროვნების 123 პატიმრის გათავისუფლებას.
მისი თქმით, საქართველოს მეტი პატიმარი ჰყავს და ასევე, ყოველდღიურად ახალი რეპრესიული კანონები.
,,ჩვენ გვყავს მეტი პატიმარი, ყოველდღიურად ახალი რეპრესიული კანონები და არ გვყავს პარტნიორები, რომლებიც ახორციელებენ ეფექტურ სანქციებს, რაც საშუალებას იძლევა ზეწოლისა და სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებების!”,- წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, ბელარუსმა სხვადასხვა ეროვნების 123 პატიმარი გაათავისუფლა. ინფორმაცია ამის შესახებ ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტამ” გაავრცელა.
„ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში და მისი თხოვნით, სხვადასხვა ქვეყნის 123 მოქალაქე შეიწყალა“, - აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
„ბელტას“ ცნობით, გათავისუფლებულ პატიმრებს შორის დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ლიეტუვის, უკრაინის, ლატვიის, ავსტრალიისა და იაპონიის მოქალაქეები არიან.