მარიამ ვეკუა
14.12.2025

აშშ-ის ოფიციალური პირები ბერლინში იმყოფებიან, სადაც ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავენ. ეს მოლაპარაკება კი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს სამშიდობო შეთანხმების მიღწევის თვალსაზრისით.

მთავარი შესათანხმებელი საკითხი ტერიტორიების თემაა. როგორც „აქსიოსი" წერს, თეთრი სახლი უკრაინას მკაცრად სთავაზობს, დაამტკიცოს მისი გეგმა, თუმცა კიევისგან ტერიტორიული დათმობები, კვლავ მთავარ დაბრკოლებად რჩება. თუმცა ამერიკული მხარე ფიქრობს, რომ ყველა სხვა საკითხი მოგვარებასთან ახლოსაა.

თეთრმა სახლმა ამ კვირაში განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე ოფიციალურ პირებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგზავნიდა, თუ საკმარისი პროგრესი იქნებოდა. როგორც ჩანს, ჯარედ კუშნერის და აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ვიზიტი გერმანიაში შეიძლება ზავისკენ გადადგმული ნაბიჯი იყოს, - წერს გამოცემა „ნიუ იორკ პოსტი".

გარდა ამისა, თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ დისკუსიებმა და ხუთშაბათს აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდმა საკმარისი პროგრესი აჩვენა.

„ისინი თვლიან, რომ შეიძლება მშვიდობის დამყარების შანსი იყოს და პრეზიდენტი მათ ენდობა", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა „აქსიოსთან".

თუმცა, აღსანიშანავია, რომ შაბათს პარიზში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის მოლაპარაკებები გაუქმდა, აშშ-მ მიანიშნა, რომ არ იყო დარწმუნებული, გეგმავდა თუ არა შეხვედრაზე დელეგაციის გაგზავნას.

კვირას ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოლაპარაკებების პარალელურად რუსეთი ომს აჭიანურებს და „მომდევნო დღეები მნიშვნელოვანი იქნება".

„უკრაინას ღირსეული პირობებით მშვიდობა სჭირდება და ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ რაც შეიძლება კონსტრუქციულად. მომდევნო დღეები დიპლომატიით იქნება სავსე", - დაწერა ზელენსკიმ.

რაზე ვერ ხერხდება კონსესუსი

კიევმა და ევროპელმა ლიდერებმა გასულ კვირაში ვაშინგტონის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმის შესწორებული ვარიანტები წარადგინეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მედიაში გაჟონა გეგმის შესახებ ბევრმა ინფორმაციამ, რომელიც უკრაინას მიერ ტერიტორიების დათმობას, ნატოს ამბიციებზე უარის თქმასა და სამხედრო ძალების რაოდენობის შეზღუდვას გულისხმობდა.

ტერიტორიების დათმობები კი კვლავ ყველაზე დიდ დაბრკოლებად რჩება - რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მინერალებით მდიდარ დონბასის რეგიონს დაჟინებით ითხოვს, მათ შორის დონეცკისა და ლუგანსკის იმ ნაწილებს, რომელთა ხელში ჩაგდებაც მან თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ომით ვერ შეძლო.

უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა წარმოადგინა „კომპრომისული ხედვა", რომელიც ითვალისწინებს როგორც უკრაინული, ასევე რუსული ჯარების გაყვანას დონბასიდან, რომლის 80%-საც რუსეთი აკონტროლებს, - წერს „ნიო იორკ პოსტი".

„მათ განიხილეს „თავისუფალი ეკონომიკური ზონის" საკითხი. ამერიკელები მას ასე უწოდებენ, რუსები კი - „დემილიტარიზებულ ზონას" უწოდებენ", - თქვა ზელენსკიმ და დაამატა, რომ „სერიოზული" კითხვები რჩება იმის შესახებ, თუ ვინ მართავს და აკონტროლებს ასეთ ზონას და უზრუნველყოფს, რომ რუსული ჯარები რეალურად გავიდნენ ტერიტორიებიდან.

გავრცელებული ინფორმაციით, დემილიტარიზებული ზონის შექმნის იდეა უკრაინის უახლეს სამშვიდობო წინადადებაშიც შედიოდა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ს სურს, რომ შობისთვის სამშვიდობო გეგმა მთლიანად იყოს შეთანხმებული, თუმცა ნებისმიერი ტერიტორიული გადაწყვეტილება თავად უკრაინელებმა უნდა მიიღონ არჩევნების ან რეფერენდუმის გზით.

ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი პუნქტი

ფრანგმა ოფიციალურმა პირმა პარასკევს „როიტერსს" განუცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, განიხილება ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი პუნქტის გამოყენება.

შემდეგ იგივე ინფორმაცია გაავრცელა „აქიოსმაც".

„ჩვენ გვსურს, უკრაინელებს უსაფრთხოების გარანტია მივცეთ, რომელიც, ერთი მხრივ, თავისუფალი მოქმედების აღმნიშვნელი არ იქნება, ხოლო მეორე მხრივ, საკმარისად ძლიერი იქნება. მზად ვართ, ეს კენჭისყრისთვის კონგრესს გადავუგზავნოთ", - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

ამავე წყაროების ცნობით, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი იქნება.

„ამჟამინდელი წინადადების თანახმად, ომი იმით დასრულდება, რომ უკრაინა თავისი ტერიტორიის 80%-ზე სუვერენიტეტს შეინარჩუნებს, ყველაზე ძლიერ უსაფრთხოების გარანტიას მიიღებს, რაც კი ოდესმე მიუღია და ასევე, ძალიან მნიშვნელოვან აღდგენის პაკეტს", - აღნიშნა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გასული კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ აშშ მზად იყო მონაწილეობა მიეღო უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში და თქვა, რომ ეს შეიძლება იყოს „აუცილებელი ფაქტორი ამ საქმის განსახორციელებლად".

ნატო-ს წესდების მე-5 პუნქტის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებზე კვირას ზელენსკიმაც ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინა მზადაა უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე, თუკი ასეთ გარანტოებს მიიღებს აშშ-სა და ნატო-ს წევრი ცალკეული ქვეყნებისგან:

„ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოების ორმხრივ გარაინტიებზე აშშ-სა და უკრაინას შორის, კონკრეტულად კი მე-5 პუნქტის მსგავს გარანტიებზე... ასევე უსაფრთხოების გარანტიებზე ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და სხვა ქვეყნებისგან, როგორიცაა კანადა, იაპონია და სხვები".

ამის პარალელურად, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ომის შემდგომი ეკონომიკური და რეკონსტრუქციის პაკეტზე მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

„როდესაც ადამიანები ხედავენ, რას მიიღებენ და არა მხოლოდ რას გასცემენ, ისინი უფრო მეტად არიან მზად წინ წასასვლელად", - თქვა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა, „აქსიოსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×