
ამერიკულ-უკრაინული მოლაპარაკება ბერლინში ორშაბათსაც გრძელდება - კვირას, გერმანიის დედაქალაქში გამართული მოლაპარაკებების დაწყებამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ომის დასრულების მიზნით ისტორიული კომპრომისის შესაძლებლობა გააჟღერა - კიევი ნატოში გაწევრიანების მისწრაფებაზე უარის თქმას დასავლეთის იურიდიულად გამყარებული უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ განიხილავს. ინფრომაციას ნიო-იორკ თაიმსი ავრცელებს.
მოლაპარაკების დაწყებამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებზე უარის თქმის წინადადებაც გააჟღერა, მისივე თქმით, ეს ნაბიჯი რუსეთთან ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკების გაგრძელებას ისახავს მიზნად. „თავიდანვე, უკრაინის სურვილი იყო ნატოში გაწევრიანება, ეს არის რეალური უსაფრთხოების გარანტიები. აშშ-სა და ევროპის ზოგიერთმა პარტნიორმა არ დაუჭირა მხარი ამ მიმართულებას", - განაცხადა ზელენსკიმ,
- ზელენსკი: „აშშ-ს მხრიდან ჩვენთვის მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიები და ევროპის, ასევე, კანადისა და იაპონიის უსაფრთხოების გარანტიები წარმოადგენს შესაძლებლობას, თავიდან ავიცილოთ კიდევ ერთი რუსული შემოჭრა
მან დასძინა, რომ გარანტიები იურიდიულად სავალდებულო უნდა იყოს. და ეს უკვე ჩვენი მხრიდან კომპრომისია", - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
ეს ნაბიჯი უკრაინისთვის მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს, რადგან ის წლების განმავლობაში ნატოში გაწევრიანებისთვის იბრძოდა, უკრაინის ასეთი მისწრაფება კონსტიტუციაშიც არის ჩაწერილი. ეს, ფაქტობრივად, შეესაბამება რუსეთის ერთ-ერთ საომარ მიზანს, თუმცა, კიევი ჯერჯერობით ისევ მტკიცედ ეწინააღმდეგება მოსკოვისთვის ტერიტორიების დათმობას.
ტრამპის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ „დიდი პროგრესი იქნა მიღწეული", როდესაც ის და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ზელენსკის შეხვდნენ, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე სისხლიანი კონფლიქტის დასრულებისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია, თუმცა დეტალები სრულად არ გახმაურებულა.
მედიაში ჟონავს ინფორმაციები იმის შესახებაც, რომ უკრაინამ აშშ-ში გადაგზავნილ სამშვიდობო გეგმაში შეიარაღებული ძალების დონბასიდან გაყვანის შესაძლებლობა გამორიცხა.
როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემა იუწყება, გეგმაში, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ ვაშინგტონში გააგზავნა, ნათქვამია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა შეინარჩუნონ კონტროლი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერ არ არის ოკუპირებული.
უკრაინული მხარის მიერ შედგენილი გეგმა, რომელიც 20 პუნქტისგან შედგება, 10 დეკემბერს გადაუგზავნეს ტრამპის ადმინისტრაციას. როგორც „ნიუ იორკ თაიმსი" წერს, ამ დოკუმენტიდან ამოღებულია ის პუნქტები, რომლებიც კიევისთვის წითელ ხაზებს წარმოადგენს. ერთ-ერთი ასეთი დონბასის ტერიტორიას ეხებოდა.
ასევე, უკრაინა ითხოვს, რომ დასავლეთმა იურიდიულად გამყარებული უსაფრთხოების გარანტიები მისცეს კიევს რუსეთის მხრიდან სამომავლო აგრესიისგან დასაცავად.
მეტი დეტალი
15 დღე ბერლინში უკრაინულ-ამერიკული დღეა, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
„დღეს ბერლინში უკრაინულ-ამერიკულ დღეა. რა თქმა უნდა, მე კანცლერ მერცს ცალკე შევხვდები და ალბათ, დღეს საღამოს მას ჩვენს ზოგიერთ ევროპელ ლიდერთან ერთადაც შევხვდები", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მანამდე, Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი, უკვე ბერლინში ჩავიდნენ.
კვირას, მოლაპარაკებებს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უძღვებოდა, რომელმაც, წყაროს ცნობით, მოკლე განცხადებები გააკეთა, სანამ ორივე მხარეს მოლაპარაკებებისთვის დატოვებდა. დღეს გერმანიაში მოლაპარაკებებისთვის სხვა ევროპელი ლიდერებიც ჩავლენ.
შეგახსენებთ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ მოითხოვა უკრაინისგან ოფიციალურად უარი ეთქვა ნატოს ამბიციებზე და მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი არის, უკრაინამ დონბასის დაახლოებით 10%-დან, რომელსაც კიევი კვლავ აკონტროლებს, ჯარი გაიყვანოს. მოსკოვმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა უნდა იყოს ნეიტრალური ქვეყანა და ნატოს ჯარების უკრაინაში განთავსება არ შეიძლება.
რუსულმა წყაროებმა წელს განაცხადეს, რომ პუტინს სურს დასავლეთის ძირითადი ძალებისგან „წერილობითი" დაპირება, რომ არ გააფართოებენ აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ ნატოს ალიანსს აღმოსავლეთისკენ .
მოლაპარაკები გაგრძელდება ევროპაში
ევროპას ორშაბათის შემდეგ კიდევ ექნება შესაძლებლობა სამომავლო გეგმები განიხილოს. .ევროკავშირის საქმეთა მინისტრები სამშაბათს ბრიუსელში გააგრძელებენ მოლაპარაკებებს, რათა ხუთშაბათის სამიტის გეგმები განიხილონ. ოთხშაბათს, ევროპის „აღმოსავლეთ ფლანგის" ლიდერები - ბალტიისპირეთისა და პოლონეთის ჩათვლით - ჰელსინკიში შეიკრიბებიან.
ევროკავშირმა ამ კვირაში დაგეგმილ კრიტიკულ სამიტზე უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებით „ძალიან მნიშვნელოვანი" გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, თუმცა გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე მოლაპარაკებები სულ უფრო რთულდება, განაცხადა ბლოკის მთავარმა დიპლომატმა.
„ჯერ არ მივსულვართ კონსესუსამდე და ეს სულ უფრო რთულდება, მაგრამ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და კიდევ რამდენიმე დღე გვაქვს", - განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა. „შეხვედრას შედეგის მიღებამდე არ დავტოვებთ", - დასძინა მან.
იმის ნიშნად, რომ ხუთშაბათის სამიტზე შეთანხმების მიღწევის შანსები gaუმჯობესების ნაცვლად უარესდება, იტალიამ - ევროკავშირის სიდიდით მესამე ქვეყანამ - პარასკევს წერილში, რომელსაც ასევე ხელი მალტამ და ბულგარეთმა მოაწერა, მხარი დაუჭირა ბელგიის მოთხოვნას უკრაინის დაფინანსების ალტერნატიული ვარიანტების მოძიების შესახებ.
ცნობისთვის, ევროკავშირი თვეების განმავლობაში ცდილობდა ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ბარტ დე ვევერის დარწმუნებას, დათანხმებულიყო ბრიუსელში დაფუძნებულ Euroclear-ში შენახული 185 მილიარდი ევროს ოდენობის რუსული სახელმწიფო აქტივების უკრაინის დაფინანსებისა და შეიარაღების მიზნით გამოყენების გეგმას. (210 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური პაკეტის დარჩენილი ნაწილი მოიცავს ბლოკში შენახულ 25 მილიარდ ევროს გაყინულ რუსულ აქტივებს.)
აღნიშნული გეგმა ,შაბათს, უარყო ჩეხეთის ახალმა პრემიერმა ანდრეი ბაბიშმაც.
ხუთი ქვეყანა - მაშინაც კი, თუ მათ კრემლის მომხრე უნგრეთი და სლოვაკეთი შეუერთდებიან - ვერ შეძლებენ გეგმის განხორციელებას, რადგან კონკრეტული ლიდერების საჯარო კრიტიკა ძირს უთხრის კომისიის იმედებს, რომ ამ კვირაში პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას შეძლებენ.- წერს გამოცემა პოლიტიკო.